თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის არჩევნები კოდაში

  • -

პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ აქტიურ ფაზაში შევიდა. საინფორმაციო კამპანია, რომელიც თემის მობილიზაციას ისახავდა მიზნად, წარმატებით დასრულდა და ამჟამად ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) დაკომპლექტება მიმდინარეობს. კამპანიის ფარგლებში 73 სოფლისა და 2 ქალაქის 834-მა მაცხოვრებელმა პროექტის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღო. შედეგად, სათემო დონეზე 20 საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა. სწორედ აღნიშნული საინიციატივო ჯგუფის წევრთაგან უნდა დაკომპლექტდეს LAG-ი.

ჯორჯიაშვილის შემდეგ, თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის არჩევნები კოდის თემში ჩატარდა. კოდის საინიციატივო ჯგუფის წევრებმა 6 კანდიდატი წარადგინეს, რომელთაგანაც ხმის მიცემით 2 გამარჯვებული გამოვლინდა. თამარ მაღალდაძე და გიგა ქრისტესიაშვილი მომავალში LAG-ის აქტიური წევრობით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის განვითარებაზე იზრუნებენ.

ჯორჯიაშვილისა და კოდის გარდა არჩევნები კიდევ 18 თემში ჩატარდება.

RDFG-ს პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში ხორციელდება. ENPARD II სოფლის განვითარების ევროპულ მოდელს „ლიდერს” (LEADER) იყენებს. მისი მიზანია, სოფლის განვითარებაში ჩართოს ადამიანები, როგორც განმახორციელებელი პირები და არა როგორც მოსარგებლეები. აღნიშნული მიდგომით შესაძლებელი ხდება სოფლის სამომავლო განვითარება, რისთვისაც კონკრეტულ ტერიტორიაზე ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG) იქმნება, როგორც პარტნიორობა კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის.

პროექტის პარტნიორები არიან აგრო-ტექნოლოგიების ასოციაცია (ATA), ლიტვის განვითარების ჯგუფების ქსელი (VVGT) და ლიტვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.