თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები ENPARD-ის სოფლის განვითარების პროექტს გაეცნენ

  • -

2017 წლის 1 აგვისტოს, ENPARD-ის პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, თეთრიწყაროში მცხოვრებ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ახალგაზრდებმა თეთრიწყაროს მუზეუმში მოიყარეს თავი და როგორც აღნიშნული პროექტის, ასევე ევროკავშირის მიერ საქართველოში დაფინანსებული სხვა პროექტების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. შეხვედრა ასოციაციების „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) და „ქართველი ახალგაზრდები ევროპისთვის“ (GYE) ორგანიზებით და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით შედგა.

პროექტის მენეჯერმა, ნელი რევაზიშვილმა ახალგაზრდებს „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ პროექტის და მისი ახალგაზრდული მიმართულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. პროექტის ფარგლებში დასაქმების ინოვაციური პროგრამა იწყება, რომელშიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, 18 წელს გადაცილებულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მონაწილეობის მიღება. ასევე პროექტში ჩართულია ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის (YFC) კომპონენტიც, რომელიც მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისთვის თანამედროვე სოფლის მეურნეობის უპირატესობების გაცნობას, რათა მათ საკუთარი მომავალი სოფელში დაინახონ და დიდ ქალაქებში მიგრაცია ალტერნატივად აღარ განიხილონ.

შეხვედრის ფარგლებში „ქართველი ახალგაზრდები ევროპისთვის“ (GYE) წარმომადგენელმა არჩილ ფოლადაშვილმა ERASMUS + პროგრამისა და ევროპული მოხალისეობრივი სერვისის (EVS) პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო პროგრამების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. GYE ამჟამად EVS პროგრამის ფარგლებში პოლონელ მოხალისეებს მასპინძლობს, რომლებმაც ბავშვებს მოხალისეობის შესახებ საკუთარი პოზიტიური გამოცდილება გაუზიარეს.

თეთრიწყაროს მუზეუმიდან ღონისძიებამ ციყვების პარკში გადაინაცვლა, სადაც EVS მოხალისეების მიერ ორგანიზებული გასართობ-შემეცნებითი აქტივობები გაიმართა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების მხარდაჭერით პოლონელმა მოხალისეებმა ახალგაზრდებთან ერთად ციყვების პარკის მთავარი კედელი გრაფიტით მოიხატეს.

ოთხწლიან პროექტს „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს. მისი პარტნიორები არიან აგრო-ტექნოლოგიების ასოციაცია (ATA), ლიტვის განვითარების ჯგუფების ქსელი (VVGT) და ლიტვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD) საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება და სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს www.enpard.ge.