თეთრიწყაროში ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ჩამოყალიბდა

  • -

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ევროკავშირის პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაციის „ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) ხელშეწობით, ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) ჩამოყალიბდა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, RDFG-ის მიერ ჩატარებული ინტენსიური საინფორმაციო კამპანიისა და თემთან მუშაობის შედეგად, LAG-ი 107 წევრისაგან დაკომპლექტდა.

16 აგვისტოს ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელიც LAG-ის სტრუქტურისა და სტრუქტურული ერთეულების უფლება-მოვალეობების განსაზღვრას ისახავდა მიზნად. გარდა ამისა, არჩეულ იქნა მმართველობითი საბჭოს სრული შემადგენლობა, რომელიც 16 წევრით განისაზღვრა. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა ინოვაციურია, თეთრიწყაროს მოსახლეობა აქტიურად ჩაება მიმდინარე პროცესებში. მმართველობითი საბჭოს წევრობის სურვილი უამრავმა ადამიანმა გამოთქვა. როგორც თავად ამბობენ, სურთ აქტიური წვლილი შეიტანონ მუნიციპალიტეტის განვითარებაში.

აღსანიშნავია, რომ ისევე როგორც თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფში, ასევე მის მმართველობით საბჭოში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ჭარბობენ. საბჭოს 16 წევრიდან 7 სამოქალაქო სექტორს წარმოადგენს, 5 საჯაროს, 3 კი კერძოს. მე-16 წევრი RDFG-ის წარმომადგენელია, რომელიც მთლიანად ჩართული იქნება საბჭოს მუშაობასა და გადაწყვეტილებების მიღებაში.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების აზრით, ეს პროექტი ხელს შეუწყობს როგორც თეთრიწყაროს განვითარებას, ასევე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

„თეთრიწყარო კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით საქართველოში ერთ-ერთი თვალსაჩინო მუნიციპალიტეტია. ამ ტერიტორიაზე 400-მდე ისტორიული ძეგლია განთავსებული, რაც ცხადყოფს მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალს. გვსურს რომ შევუერთდეთ ლაგის საქმიანობას და ჩვენი ჩართულობით ხელი შევუწყოთ თეთრიწყაროში ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის თუ სხვა სექტორების განვითარებას“ – აღნიშნეს თეთრიწყაროს LAG-ში ჩართულმა კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.

შეხვედრის განმავლობაში ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის თავმჯდომარემ, ვანო გრიგოლაშვილმა და პროექტის მენეჯერმა, ნელი რევაზიშვილმა პროექტის, მისი მიზნებისა და აქტივობების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრეს.

RDFG-ს პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მეორე ფაზის ფარგლებში ხორციელდება და სოფლის განვითარების ევროპულ მოდელს „ლიდერ” (LEADER) მიდგომას ეფუძნება მისი მიზანია, სოფლის განვითარებაში ჩართოს ადამიანები, როგორც განმახორციელებელი პირები და არა როგორც მოსარგებლეები. აღნიშნული მიდგომით შესაძლებელი ხდება სოფლის სამომავლო განვითარება, რისთვისაც კონკრეტულ ტერიტორიაზე ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG) იქმნება, როგორც პარტნიორობა კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის.

პროექტში RDFG-ის პარტნიორები არიან აგრო-ტექნოლოგიების ასოციაცია (ATA), ლიტვის განვითარების ჯგუფების ქსელი (VVGT) და ლიტვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD) საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს – www.enpard.ge.