პოლონელი მოხალისეები შაუმიანის ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრში

  • -

შაუმიანის ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრს (YFC) 10 პოლონელი მოხალისე ესტუმრა. მოხალისეებმა ახალგაზრდებს სოფლის მეურნეობის კუთხით საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ისაუბრეს იმ პროდუქტებსა და ტექნოლოგიებზე, რომლებსაც პოლონელი ფერმერები იყენებენ და ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის მსგავს კლუბებზე, სადაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები. თავის მხრივ, შაუმიანის ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის (YFC) წევრმა მოსწავლეებმა სტუმრებს საკუთარი გამოცდილება და ინტერესები გააცნეს. შეხვედრამ საინტერესო თამაშებისა და აქტივობების ფონზე ჩაიარა.

პოლონელ მოხალისეებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველი ახალგაზრდები ევროპისათვის“ მასპინძლობს. 10 ახალგაზრდა დაბროვას მუნიციპალიტეტიდან საქართველოში ევროპული მოხალისეობრივი სერვისის (EVS) პროგრამის ფარგლებში ჩამოვიდა. შეხვედრის ერთ-ერთ თემას აღნიშნული პროგრამაც წარმოადგენდა. მოხალისეებმა ბავშვებს მიაწოდეს ინფორმაცია, თუ როგორ შეუძლიათ ERASMUS+ -სა და EVS პროგრამების ფარგლებში გაემგზავრონ ევროპაში, ისწავლონ და კარგი გამოცდილება მიიღონ.

რაც შეეხება ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრს, ეს არის RDFG-ს მოდელი, რომელიც აერთიანებს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს და მათ თანამედროვე სოფლის მეურნეობის უპირატესობებს აცნობს. ამჟამად, ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები პროექტ EDKK-ს ფარგლებში ქვემო ქართლის 5 სკოლაში ფუნქციონირებს. მათ შორის ერთ-ერთია შაუმიანი.

პროექტი EDKK „ეკონომიკური განვითარების ინიციატივები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ხელშეწყობის გზით ქვემო ქართლის/კახეთის რეგიონებში“ გერმანიის ეკონომიკის და განვითარების სამინისტროს (BMZ-ის) დაფინანსებითა და World Vision გერმანიის მხარდაჭერით ხორციელდება.