ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) სტუმრად თეთრიწყაროში

  • -

13 ოქტომბერს, ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრები და სოფლის განვითარების პროექტის წარმომადგენლები თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფს ესტუმრნენ. შეხვედრის მიზანს ყაზბეგის LAG-ის მიერ თეთრიწყაროს LAG -ისთვის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში დისკუსიები და პრეზენტაციები გაიმართა. მხარეებმა ისაუბრეს, თუ რატომაა მნიშვნელოვანი იყო LAG-ის წევრი და რა წვლილი შეაქვს ადგილობრივი განვითარების ჯგუფს მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში. ყაზბეგის LAG-ის წევრებმა მასპინძლებს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ასევე, ისაუბრეს დამატებითი ფონდების მოძიების გამოცდილებაზე, რაც LAG-ის კიდევ უფრო მეტ მდგრადობას უზრუნველყოფს.

ვიზიტით ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა. თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საერთაშორისო პარტნიორების მიერ მიღებული გამოცდილების გაზიარება კარგია, თუმცა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონტექსტი განსხვავდება საქართველოს კონტექსტისგან. ამიტომ, მსგავსი შეხვედრების ორგანიზება ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივ პარტნიორებთან, რომლებსაც ლიდერ (LEADER) მეთოდოლოგიის ფარგლებში მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვთ დაგროვილი.

შეგახსენებთ, რომ თეთრიწყაროში, პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში ადგილობრივი განვითარების ჯგუფი სულ რამდენიმე თვეა რაც ჩამოყალიბდა, ყაზბეგის LAG-ი კი 2 წელიწადზე მეტია არსებობს და მუნიციპალიტეტის განვითარებაში აქტიური წვლილი შეაქვს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს გამოცდილებას მუდმივად გაუზიარებენ და შემდეგი შეხვედრაც დაგეგმეს. თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფი ყაზბეგის LAG-ს მომავალი წლის გაზაფხულზე ეწვევა.

RDFG-ს პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მეორე ფაზის ფარგლებში ხორციელდება და სოფლის განვითარების ევროპულ მოდელს „ლიდერ” (LEADER) მიდგომას ეფუძნება მისი მიზანია, სოფლის განვითარებაში ჩართოს ადამიანები, როგორც განმახორციელებელი პირები და არა როგორც მოსარგებლეები. აღნიშნული მიდგომით შესაძლებელი ხდება სოფლის სამომავლო განვითარება, რისთვისაც კონკრეტულ ტერიტორიაზე ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG) იქმნება, როგორც პარტნიორობა კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის.

პროექტში RDFG-ის პარტნიორები არიან აგრო-ტექნოლოგიების ასოციაცია (ATA), ლიტვის განვითარების ჯგუფების ქსელი (VVGT) და ლიტვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.