RDFG-მ საქართველოს LAG-ების ასოციაციის (GALAG) მხარდამჭერ კომუნიკეს მოაწერა ხელი

  • -

RDFG-ს თავმჯდომარემ, ვანო გრიგოლაშვილმა ევროკავშირის სოფლის განვითარების პროექტების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაციის (GALAG) მხარდამჭერ კომუნიკეს მოაწერა ხელი. ასოციაცია გააერთიანებს საქართველოში ადგილობრივი განვითარების ჯგუფებს და აქტიურად ითანამშრომლებს ევროპის LAG-ების ასოციაციასთან საქართველოში სოფლის განვითარების ერთობლივი ინიციატივების განსახორციელებლად.

„კომუნიკეზე ხელმოწერით RDFG-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროპაში აპრობირებული LEADER მიდგომის განხორციელებას საქართველოში, რისთვისაც ჩვენი პარტნიორის „ლიტვის LAG-ების ქსელის“ გამოცდილებას ვიყენებთ. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ, როგორც საქართველოს LAG-ების ასოციაციასთან (GALAG), ასევე სოფლად არსებული ტერიტორიების განვითარების ევროპულ ინსტიტუციებთან. ვფიქრობ, GALAG კარგი ინსტრუმენტია, განსაკუთრებით ახლად შექმნილი LAG-ებისთვის, რათა მათ შორის მოხდეს ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა და ერთობლივი ხედვის შემუშავება“ – განაცხადა RDFG-ს თავმჯდომარემ ვანო გრიგოლაშვილმა.

კომუნიკეს ხელი მესამე საერთაშორისო კონფერენციის „სოფლის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში მოეწერა, რომელიც ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ეგიდით ჩატარდა. აღნიშნულ კონფერენციაში RDFG-ს სახელით ნელი რევაზიშვილმა მიიღო მონაწილეობა, რომელიც ENPARD-ის ფარგლებში მიმდინარე პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ მენეჯერია. მან კონფერენციის მონაწილეებს პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები გააცნო.

RDFG-ს პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში ხორციელდება. ENPARD II სოფლის განვითარების ევროპულ მოდელს „ლიდერს” (LEADER) იყენებს. მისი მიზანია, სოფლის განვითარებაში ჩართოს ადამიანები, როგორც განმახორციელებელი პირები და არა როგორც მოსარგებლეები. აღნიშნული მიდგომით შესაძლებელი ხდება სოფლის სამომავლო განვითარება, რისთვისაც კონკრეტულ ტერიტორიაზე ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG) იქმნება, როგორც პარტნიორობა კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის.

პროექტის პარტნიორები არიან აგრო-ტექნოლოგიების ასოციაცია (ATA), ლიტვის განვითარების ჯგუფების ქსელი (VVGT) და ლიტვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო