თეთრიწყაროში RDFG-მ დასაქმების პროგრამა დაიწყო

  • -

ევროკავშირისა და RDFG-ს პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში დასაქმების პროგრამის პირველი ფაზა დაიწყო. მონაწილეობის მსურველთაგან 20 სამუშაოს მაძიებელი შეირჩა, რომლებიც 5 თვის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობაში მიიღებენ მონაწილეობას. ისინი დასაქმებისათვის საჭირო უნარებს განივითარებენ და კარიერის დაგეგმვას ისწავლიან.

9 ნოემბერს, დასაქმების პროგრამის მონაწილეებმა თეთრიწყაროში მიმდინარე პროექტის მენეჯერს ნელი რევაზიშვილს უმასპინძლეს. ქ-ნმა ნელიმ მათ პროექტის ძირითადი მიმართულებებისა და მიღწევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებზე, როგორიცაა ლიდერ (LEADER) მიდგომა, თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფი (LAG) და თეთრიწყაროს განვითარების სტრატეგია. პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) აღმასრულებელი დირექტორი ნინო ტიკურიშვილი, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ სულ მალე, პროექტის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივების შედეგად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დასაქმების შესაძლებლობა გაიზრდება.

„ძალიან მიხარია რომ ამდენ მოტივირებულ ადამიანს ვხედავ, რომლებიც ცდილობენ დასაქმებისთვის საჭირო უნარები შეიძინონ და თავიანთი ცოდნის რეალიზება მოახდინონ. იმედი მაქვს, სულ მალე ადგილობრივ დონეზეც შეიქმნება უფრო მეტი სამუშაო ადგილი. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს თეთრიწყაროში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რაც დასაქმების პერსპექტივას გაზრდის და ვიმედოვნებ, რომ თბილისში მიგრაციაც შემცირდება“. – აღნიშნა ნინო ტიკურიშვილმა.

ამავე სესიის ფარგლებში, პროგრამის ერთ-ერთმა მონაწილემ, მარიამ ბერუაშვილმა ფინანსებისა და საბანკო საქმის შესახებ პრეზენტაცია გამართა და დანარჩენ მონაწილეებს საკუთარი ცოდნა გაუზიარა. მონაწილის მიერ სესიების ჩატარების იდეა დასაქმების პროგრამის მრჩეველს, ლელა მაისურაძეს ეკუთვნის. მისი თქმით, ასეთ სიტუაციაში ყველა მხარე მოგებული რჩება, მონაწილე-ტრენერი ცოდნის გაზიარებასა და პრეზენტაციის ჩატარებას სწავლობს, დანარჩენები კი ახალ ინფორმაციას იღებენ.

„ვინაიდან დასაქმების პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი მონაწილეთა აქტიური ჩართულობაა, მნიშვნელოვანია, რომ გუნდის წევრებს საკუთარი თავის წარმოჩენის შესაძლებლობა მიეცეთ. სწორედ ამიტომ, შემოვიღეთ ე.წ. „მონაწილის საათი“, როდესაც მონაწილეს ეძლევა საშუალება საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გუნდის დანარჩენ წევრებს გაუზიაროს“. – აღნიშნა ლელა მაისურაძემ

RDFG-ს პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში ხორციელდება. ENPARD II სოფლის განვითარების ევროპულ მოდელს „ლიდერს” (LEADER) იყენებს. მისი მიზანია, სოფლის განვითარებაში ჩართოს ადამიანები, როგორც განმახორციელებელი პირები და არა როგორც მოსარგებლეები. აღნიშნული მიდგომით შესაძლებელი ხდება სოფლის სამომავლო განვითარება, რისთვისაც კონკრეტულ ტერიტორიაზე ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG) იქმნება, როგორც პარტნიორობა კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის.

პროექტის პარტნიორები არიან აგრო-ტექნოლოგიების ასოციაცია (ATA), ლიტვის განვითარების ჯგუფების ქსელი (VVGT) და ლიტვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.