ახალგაზრდა გოგონა, რომელიც თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი გახდა

  • -

ევროკავშირის მხარდაჭერით RDFG თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 4 წლიან პროექტს ახორციელებს. პროექტის მიზანია, რომ სოფლის განვითარებაში ჩართოს ადამიანები, როგორც განმახორციელებელი პირები და არა როგორც მოსარგებლეები. ამ მიზნით თეთრიწაროს ტერიტორიაზე ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) შეიქმნა,  როგორც პარტნიორობა კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის.

როდესაც ჯერი LAG-ის აღმასრულებელი დირექტორის არჩევაზე მიდგა, ხმათა უმრავლესობით 27 წლის ნინო ტიკურიშვილმა გაიმარჯვა.

ნინო ახალგაზრდა, წარმატებული ეკონომისტია, რომელიც 6 წლიანი განშორების შემდეგ თეთრიწყაროს დაუბრუნდა და გადაწყვიტა საკუთარი ცოდნა, გამოცდილება და უნარები თავისივე რეგიონის განვითარებას მოახმაროს. სკოლა თეთრიწყაროში დაამთავრა და უმაღლესი განათლების მისაღებად თბილისს მიაშურა. ბიზნესის და მართვის ფაკულტეტის დამთავრებისთანავე ერთ-ერთ ბანკში სერვის ადმინისტრატორის პოზიციაზე დასაქმდა და 6 წლის განმავლობაში, როგორც თავად ამბობს, საკმაოდ კარგი გამოცდილება დააგროვა. თუმცა, გული მაინც თეთრიწყაროსკენ მიუწევდა, ამიტომ სამსახურიდან წამოვიდა და მშობლიურ მხარეში კონკრეტული მიზნებით დაბრუნდა.

„ბანკში მუშაობამ ბევრი რამ მასწავლა,  კარგი ტრამპლინი იყო ჩემთვის, თუმცა, დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ საკუთარი საქმის წამოწყება მინდოდა. არაფერია საკუთარ ბიზნესზე უკეთესი, როდესაც აკეთებ იმას რაც მოგწონს და თვითონვე ხარ საკუთარი თავის უფროსი. მეორე მიზეზი, რამაც მშობლიურ მხარეში დამაბრუნა, მისი განვითარების სურვილია. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და მინდა რომ ახალგაზრდებს მოტივაცია შევმატო, რათა ერთად გამოვაცოცხლოთ ჩვენი რეგიონი“. – ამბობს ნინო.

პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ შესახებ ერთ-ერთ საინფორმაციო შეხვედრაზე შეიტყო. საკუთარი მიზნებისა და შემართების გათვალისწინებით, LAG-ის წევრობასა და მმართველი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობაზე არ უყოყმანია. შედეგად, ხმათა უმრავლესობით ნინომ თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია დაიკავა.

„რატომ ამირჩიეს? ვფიქრობ, იმიტომ რომ ყველა ხედავს, თუ როგორ მიყვარს თეთრიწყარო და ჩემი დაბრუნების მიზანიც სწორედ მის განვითარებაში წვლილის შეტანაა. შეხვედრების დროს მიგრაციის პრობლემას ვუსვამდი ხაზს. დიდი სურვილი მაქვს, რეგიონი იმდენად განვითარდეს, რომ თბილისში წასვლის ნაცვლად ახალგაზრდებმა აქვე იპოვნონ თვითრეალიზაციის საშუალება. ეს პროექტი საუკეთესო შესაძლებლობაა თეთრიწყაროს წინსვლისა და სოციო-ეკონომიკური განვითარებისთვის და ძალიან მიხარია, რომ მისი ნაწილი ვარ“.

ნინო ფიქრობს, რომ რეგიონის მთავარი პოტენციალი ტურიზმს უკავშირდება. თეთრიწყარო გამორჩეულია თავისი კულტურული ღირსშესანიშნაობებითა და ლამაზი ბუნებით, თუმცა ამის შესახებ თითქმის არავინ იცის. ცნობადობა დაბალია არა მხოლოდ უცხოელ ტურისტებში, არამედ საქართველოს მოსახლეობაშიც.  ამიტომ, მომსახურების სფეროსა და ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, პიარიც ძალიან მნიშვნლოვანია.  იგი მიიჩნევს, რომ სხვადასხვა გასართობი და დასასვენებელი ობიექტის მოწყობა არა მხოლოდ ტურისტებს მიიზიდავს, არამედ ადგილობრივ მოსახლეობასაც გაუმრავალფეროვნებს ცხოვრებას.

ნინოს ენთუზიაზმი  ყველასთვის თვალსაჩინოა. პროექტის ხელმძღვანელი ნელი რევაზიშვილი მასზე დიდ იმედებს ამყარებს, და მოხარულია, რომ თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფს ასეთი ახალგაზრდა და ენერგიული ხელმძღვანელი ჰყავს.

„ნინოს აქვს უნარი, რომ ყველაფერში დადებითი დაინახოს და არსებული რესურსების გათვალისწინებით მაქსიმალური სარგებელი მიიღოს. მისი შემართება და პოზიტივი გადამდებია და დანარჩენ მოსახლეობას მოტივაციას უღვივებს. ბოლომდე სჯერა, რომ თუკი მოინდომებს, აუცილებლად შეძლებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას თეთრიწყაროს განვითარებაში. ჩვენი პროექტიც სწორედ ამას ემსახურება და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით აუცილებლად მივაღწევთ დასახულ მიზნებს“ – ამბობს ნელი რევაზიშვილი.

როგორ უკვე აღვნიშნეთ, ნინოს თეთრიწყაროში დაბრუნების ერთ-ერთი მიზანს საკუთარი საქმის წამოწყება წარმოადგენდა. LAG-ის ხელმძღვანელობისა და პროექტში აქტიური ჩართულობის პარალელურად, ის ჩირის წარმოებას იწყებს. ძირითად სეგმენტად ტურისტებს მოიაზრებს, ამიტომ სხვადასხვა სახეობის ხილის ჩირის შეფუთვას ორიგინალურად გეგმავს. ახლო მომავალში დიდი სურვილი აქვს, რომ თეთრიწყაროში მულტიფუნქციური სამუშაო სივრცე შექმნას, სადაც პრეზენტაციები, ტრენინგები, ვორქშოფები ჩატარდება, მოიწვევენ სტუმრებს, რომლებიც თავიანთ ცოდნასა და წარმატების ისტორიას ადგილობრივ მოსახლეობას გაუზიარებენ.