თეთრიწყაროს დასაქმების პროგრამის მონაწილის წარმატების ისტორია

  • -

22 წლის ნინო მეტრეველი დასაქმების პროგრამის წარმატებული ბენეფიციარია. აღნიშნული პროგრამა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში ხორციელდება. ნინო პროგრამაში ჩართვიდან ერთი თვის შემდეგ საქართველოს მელიორაციის ქვემო ქართლის რეგიონალურ სამსახურში ოფის მენეჯერის პოზიციაზე დასაქმდა.

ნინო პროფესიით ფსიქოლოგია. სტუდენტობის განმავლობაში რამდენიმე ადგილას მუშაობდა და პარალელურად მისთვის საინტერესო და სტაბილური სამუშაო ადგილის ძიებას განაგრძობდა. RDFG-ს დასაქმების პროგრამის შესახებ მეგობრისგან შეიტყო და რამდენიმე მეგობარს თავადაც მიაწოდა ინფორმაცია. შესარჩევი ეტაპი ერთად გაიარეს და 20 იღბლიან მონაწილეს შორის მოხვდნენ.  მიუხედავად იმისა, რომ ნინო პროგრამის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში დასაქმდა და სრული კურსის გავლა ვერ მოახერხა, ამბობს, რომ მისი წარმატება სწორედ ამ პროგრამის დამსახურებაა.

„სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო პროგრამაში მონაწილეობის გაგრძელება, თუმცა 1 თვეც კი საკმარისი აღმოჩნდა, რათა ძალიან ბევრი რამ მესწავლა. იქ მიღებულმა გამოცდილებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს დასაქმებაში. გარდა იმისა, რომ საინტერესო და პროდუქტიული სესიები ტარდებოდა, პროექტის მენტორი ძალიან თბილ და პოზიტიურ გარემოს ქმნიდა“

აღნიშნული პროგრამა მონაწილეებისათვის კარიერის დაგეგმვის სწავლებასა და დასაქმებისათვის საჭირო უნარების განვითარებას ითვალისწინებს. პროეექტის მონაწილეები  კორპორატიულ მოხალისეებთან და მენტორთან ერთად სხვადასხვა საინტერესო თემაზე მსჯელობენ. ნინოს თქმით, ეს პროცესი მას საკუთარი თავის აღმოჩენასა და განვითარებაში დაეხმარა.

„პროგრამამ მიმახვედრა, რომ სამუშაოს ძიების პროცესში უამრავ შეცდომას ვუშვებდი. მაგალითად, გასაუბრებაზე სათანადოდ მომზადებული არ მივდიოდი, CV-სა და სამოტივაციო წერილსაც არ ვწერდი სტანდარტების მიხედვით. მელიორაციის სამსახურში სწორედ განახლებული CV გავაგზავნე და ამიყვანეს კიდეც. სამუშაოს მაძიებლებს ვურჩევდი, რომ მაქსიმალურად იმუშაონ საკუთარი თავისა და უნარების განვითარებაზე, მონაწილეობა მიიღონ მსგავს პროგრამებში და შედეგს აუცილებლად მიიღებენ“.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე ტრენინგებს ვეღარ ესწრება, ნინო ცდილობს პროგრამის მონაწილეებთან და მენტორთან აქტიური კონტაქტი შეინარჩუნოს. გეგმავს, რომ მონაწილეებს ემოციის მართვასთან დაკავშირებით სესია მოუმზადოს და საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს.

ნინო ულოცავს RDFG-ს ახალ 2018 წელს და მადლობას უხდის გუნდის თითოეულ წევრს გაწეული სამუშაოსთვის.

„RDFG-ს არაჩვეულებრივ გუნდს დიდ წარმატებას ვუსურვებ. დასაქმების პროგრამა ჩემთვის ნათელი წერტილი იყო და წარმატებაც მომიტანა. მიხარია, რომ ვიყავი ამ პროექტის ნაწილი, გავიცანი ძალიან კარგი ადამიანები და რაც მთავარია დავსაქმდი.“ – ამბობს ნინო.

თავის მხრივ, RDFG გუნდიც ულოცავს ნინოს ახალ წელს და უფრო მეტ წარმატებასა და წინსვალს უსურვებს!