თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები იქმნება

  • -

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების (YFC) ჩამოყალიბება დაიწყო. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით ფერმერთა ცენტრები ბოგვის, სამღერეთის, ხაიშის და თეთრიწყაროს #2 სკოლებში ფუნქციონირებს.

ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრი (YFC), ეს არის RDFG-ს მოდელი, რომელიც აერთიანებს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს და მათ თანამედროვე სოფლის მეურნეობის უპირატესობებს აცნობს. ცენტრების მიზანია, ახალგაზრდებმა საკუთარი მომავალი სოფელში დაინახონ და დიდ ქალაქებში მიგრაცია ერთადერთ ალტერნატივად აღარ განიხილონ. ახალგაზრდები სწავლობენ მოქალაქეთა ინტერესების დაცვას, სამოქალაქო ჩართულობას, ლიდერობას, მეწარმეობას და ეცნობიან ინოვაციურ ტექნოლოგიებს სოფლის მეურნეობის სფეროში.

საწყის ეტაპზე, ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის კონცეფციის გაცნობის მიზნით, აღნიშნულ სკოლებში სოფლის განვითარების პროექტის გუნდმა შეხვედრები ჩაატარა. ფერმერთა ცენტრებში გაერთიანებით უამრავი ახალგაზრდა დაინტერესდა და საერთო ჯამში, ოთხივე ცენტრში 153-მა მოსწავლემ მოიყარა თავი. მომდევნო ეტაპზე თითოეულ სკოლაში დამატებითი შეხვედრები გაიმართა, რომლებიც გუნდის მშენებლობას, ადგილობრივი თემის პრობლემების გამოვლენასა და წევრების უფრო მძლავრი კლუბური აქტივობებისთვის მომზადებას ისახავდა მიზნად.

„ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების ფორმირების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს,  ბავშვების მხრიდანაც დაინტერესება და ენთუზიაზმი იგრძნობა. პროექტის დასასრულს მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 18 ფერმერთა ცენტრი იფუნქციონირებს და იმედი გვაქვს, რომ ახალგაზრდები ბოლომდე აქტიურად იქნებიან ჩართულნი ცენტრის საქმიანობაში და პირვანდელი ენთუზიაზმით განაგრძობენ საკუთარ თემსა და გარემოზე ზრუნვას“ – აღნიშნა პროექტთან თანამშრომლობის ოფიცერმა ასლან ართმელაძემ.

მომდევნო თვეებში დაგეგმილია ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების დაფუძნება თეთრიწყაროს სხვა სკოლებში და ბავშვებთან მიზნობრივი ტრენინგების ჩატარება თემებზე ფერმერული მეურნეობა, კომუნიკაცია და ლიდერობა.

RDFG-ს პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში ხორციელდება. ENPARD II სოფლის განვითარების ევროპულ მოდელს „ლიდერს” (LEADER) იყენებს. მისი მიზანია, სოფლის განვითარებაში ჩართოს ადამიანები, როგორც განმახორციელებელი პირები და არა როგორც მოსარგებლეები. აღნიშნული მიდგომით შესაძლებელი ხდება სოფლის სამომავლო განვითარება, რისთვისაც კონკრეტულ ტერიტორიაზე ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG) იქმნება, როგორც პარტნიორობა კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის.

პროექტის პარტნიორები არიან აგრო-ტექნოლოგიების ასოციაცია (ATA), ლიტვის განვითარების ჯგუფების ქსელი (VVGT) და ლიტვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.