ევროკავშირის მხარდაჭერით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების რიგით მეორე საგრანტო კონკურსი იწყება

  • -

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის – RDFG და თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფი აცხადებს რიგით მეორე საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის მიერ შემუშავებული, 2018 – 2022 წწ. ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანებისა და პრიორიტეტების შესაბამისად, მათ შორის:

  • გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მართვა და კატასტროფის რისკის შემცირება
  • სასოფლო სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო ინიციატივების კონკურენტუნარიანობისა და მოდერნიზების მხარდაჭერა
  • სოფლად ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა
  • სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარება/რეაბილიტაცია

საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი განაცხადები უნდა შეესაბამებოდეს თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიას და ხელს უწყობდეს მის განხორციელებას.  სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების, ასევე სავარაუდო აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის ვებგვერდზე (http://tetritskarolag.ge/strategy-ge/) ან მიიღოთ RDFG-ისა და თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის ოფისში, სოფელი ჯორჯიაშვილი, ბოგვი-ჯორჯიაშვილის გზატკეცილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.

საგრანტო კონკურსი მოიცავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს და მის ფარგლებში შემავალ ყველა თემსა და სოფელს. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც ფიზიკურ პირს/პირთა ჯგუფს, ასევე საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ იურიდიულ პირსა და სახელმწიფო უწყებას/მის წარმომადგენლობებს, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში თითოეულ პროექტზე შესაძლებელია მაქსიმუმ 60,000 და მინიმუმ 1,000 ევროს (ექვივალენტით ლარში) ოდენობის დაფინანსების მიღება. საგრანტო კონკურსში სავალდებულოა თანამონაწილეობა, რომლის ოდენობა იცვლება აპლიკაციის სახეობის მიხედვით:

  • სოციალური პროექტები – პროექტის საერთო ღირებულების 10%
  • სამეწარმეო პროექტები – პროექტის საერთო ღირებულების 30%
  • საჯარო სექტორის პროექტები – პროექტის საერთო ღირებულების 40%

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირველ ეტაპზე, უნდა  წარმოადგინონ პროექტის იდეის განაცხადის ფორმა 2018 წლის 23 ნოემბრის, 18:00 საათამდე.

განაცხადები მიიღება ორი ფორმით:

  1. განაცხადების შევსება და გაგზავნა შესაძლებელია ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: http://tetritskarolag.ge/forma/ და
  2. განაცხადების ჩაბარება ნაბეჭდი სახით, შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: RDFG-ისა და თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის ოფისი, სოფელი ჯორჯიაშვილი, ბოგვი-ჯორჯიაშვილის გზატკეცილზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი. ამობეჭდილი სახით განაცხადების წარდგენის შემთხვევაში, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შევსებული განაცხადის ელექტრონული ვერსიაც (მაგ. დისკზე ჩაწერილი ან მეხსიერების ბარათით). ელექტრონული და ნაბეჭდი ვერსიების იდენტურობაზე პასუხისმგებელია განმცხადებელი.

ხელით შევსებული განაცხადები არ მიიღება!

პროექტის იდეის განცხადების ფორმები და მისი შეფასების კრიტერიუმები ხელმისაწვდომია როგორც თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის ვებგვერდზე (http://tetritskarolag.ge/forma/), ასევე RDFG-ისა და თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის ოფისში, ზემოთხსენებულ მისამართზე.

საგრანტო კონკურსთან, მათ შორის პროექტის იდეის განაცხადის ფორმების შევსებისა და ჩაბარების წესთან, დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მაშტაბით გაიმართება ღია კარის დღეები, შემდეგი განრიგით:

მდებარეობა თარიღი დრო
ქ.თეთრიწყარო, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზი 31 ოქტომბერი 2018წ. 13:00 – 16:00
დაბა მანგლისი, მუსიკალური სკოლა 1 ნოემბერი 2018წ. 13:00 – 16:00
სოფ. წინწყარო, ააიპ სათემო ფონდი „კოდორი 2013“-ს ცენტრი 2 ნოემბერი 2018წ. 13:00 – 16:00
კოდის დევნილთა კომპაქტური დასახლება, სათემო განათლების ცენტრი 5 ნოემბერი 2018წ. 13:00 – 16:00
სოფ. ჯორჯიაშვილი, RDFG-ის ოფისი 6 ნოემბერი 2018წ. 13:00 – 16:00

 

პროექტის იდეის განაცხადის ფორმების შევსების შესახებ, განმცხადებლებს ტექნიკური კონსულტაციების მიღება ასევე შეეძლებათ, საგრანტო კონკურსის დახურვამდე, RDFG-ისა და თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის ოფისში.

დამატებითი ინფორმაციისათვის, მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ნომერზე: 599 847857 ან/და მოგვწეროთ tetritskarolag@gmail.com enpard@rdfg.ge

საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია, მათ შორის: საგრანტო კონკურსის სახელმძღვანელო, ხშირად დასმული კითხვები, განთავსდება ევროკავშირის ENPARD პროგრამის ოფიციალურ ვებგვერდზე www.enpard.ge, თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის ვებგვერდზე: www.tetritskarolag.ge და ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის RDFG-ის ვებგვერდზე: www.rdfg.ge.

პროექტს ახორციელებს ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის RDFG, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD II ფარგლებში. პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები არიან აგრო-ტექნოლოგიების ასოციაცია ATA და ლიტვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელი VVTG.