თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) ლატვიის ლაგს უმასპინძლა

  • -

2019 წლის 3 მაისს, „ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) ორგანიზებით, თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG), ბორჯომისა და ლაგოდეხის ლაგების წარმომადგენლებთან ერთად, ლატვიის ლაგს უმასპინძლა. შეხვედრა RDFG-ის ორგანიზებით, ტრანსნაციონალური თანამშრომლობის პროექტის “საცხენოსნო ინდუსტრია: შესაძლებლობები დღეს და მომავალში” ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გაიმართა. შეხვედრის მიზანი გამოცდილების გაზიარება და საცხენოსნო ინდუსტრიაში არსებული გამოწვევების განხილვა იყო.

შეხვედრის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, რომელიც „ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) თეთრიწყაროში მდებარე ოფისში გაიმართა, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე საცხენოსნო ბაზა მოენახულებინათ და ეჯირითათ.

ტრანსნაციონალური თანამშრომლობის პროექტი “საცხენოსნო ინდუსტრია: შესაძლებლობები დღეს და მომავალში” მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საცხენოსნო ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობის გაზრდას, ასევე, ადგილობრივი და უცხოელი ცხენოსნების თანამშრომლობის ქსელის განვითარებას, საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებისა და ადგილობრივ დონეზე მათი გამოყენების გზით.

ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში, პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება ხელმოწერილია ლატვიის, ფინეთისა და საქაართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების მიერ. საქართველოს მხრიდან პროექტის ერთ-ერთი მონაწილე თეთრიწყაროს ლაგია, რომლის აღმასრულებელი დირექტორიც ნინო ტიკურიშვილია.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის პარტნიორი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი, მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითრების ჯგუფების ქსელთან (VVGT).