თეთრიწყაროს, ლაგოდეხისა და ბორჯომის ადგილობრივი განვითარების ჯგუფები ლატვიაში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ

  • -

2019 წლის 21-25 აგვისტოს, ტრანსნაციონალური თანამშრომლობის პროექტის “საცხენოსნო ინდუსტრია: შესაძლებლობები დღეს და მომავალში” ფარგლებში, თეთრიწყაროს, ლაგოდეხისა და ბორჯომის ადგილობრივი განვითარების ჯგუფებს (LAG) ლატვიის ლაგმა უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო საცხენოსნო ინდუსტრიის მოწყობისა და განვითარების კუთხით ლატვიის გამოცდილების გაზიარება და საკანონმდებლო რეგულაციების გაცნობა. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG), CARE-ის და Mercy Corps-ის წარმომადგენლები, ასევე, ექსპერტები და წარმომადგენლები ბიზნეს სექტორიდან.

ვიზიტის ფარგლებში, ქართული ლაგების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილობრივი საცხენოსნო ბიზნესები და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები მოენახულებინათ. ისინი ასევე შეხვდნენ ლატვიის საცხენოსნო ფედერაციისა და ენგურეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, დაესწრნენ შეჯიბრს ცხენების ბარიერზე ხტომაში და მოინახულეს ღვინისა და ძლიერი ალკოჰოლური სასმელების საწარმოები. გარდა ამისა, ისინი ლატვიის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის კლინიკასაც ესტუმრნენ, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ქართული ლაგების წარმომადგენლები ასევე გაეცნენ იმ სერვისებს, რასაც ლატვიის საცხენოსნო ბიზნესები თავიანთ მომხმარებელს სთავაზობენ.

ლატვიაში ვიზიტი ნაყოფიერი აღმოჩნდა თეთრიწყაროს, ლაგოდეხისა და ბორჯომის ლაგების წარმომადგნლებისათვის, რადგან მიიღეს ახალი ინფორმაცია საცხენოსნო ინდუსტრიაზე, მათ შორის საკანონმდებლო რეგულაციებზე, რაც შემდგომ საქმიანობაში გამოადგებათ.

საქართველოსა და ლატვიის ლაგების ლატვიაში შეხვედრა მეორე ასეთი ღონისძიებაა ორ მხარეს შორის თანამშრომლობის ფარგლებში. წლის 3 მაისს, თეთრიწყაროს ლაგმა, ლაგოდეხისა და ბორჯომის ლაგებთან ერთად, ლატვიის ლაგს RDFG-ის თეთრიწყაროს ოფისში უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოს გამოცდილების გაზიარებასა და ამ სფეროში ახალი გამოწვევების განხილვას ისახავდა მიზნად.

ტრანსნაციონალური თანამშრომლობის პროექტი “საცხენოსნო ინდუსტრია: შესაძლებლობები დღეს და მომავალში” მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საცხენოსნო ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობის გაზრდას, ასევე, ადგილობრივი და უცხოელი ცხენოსნების თანამშრომლობის ქსელის განვითარებას, საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებისა და ადგილობრივ დონეზე მათი გამოყენების გზით. ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში, პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება ხელმოწერილია ლატვიის, ფინეთისა და საქაართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების მიერ. საქართველოს მხრიდან პროექტის ერთ-ერთი მონაწილე თეთრიწყაროს ლაგია, რომლის აღმასრულებელი დირექტორიც ნინო ტიკურიშვილია.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის პარტნიორი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი, მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითრების ჯგუფების ქსელთან (VVGT).