აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჟურნალისტები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ სოფლის განვითარების პროექტებს ესტუმრნენ

  • -

2019 წლის 17 სექტემბერს, პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ქვეყნების ჟურნალისტები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ და ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) მიერ განხორციელებულ სოფლის განვითარებას პროექტებს გაეცნენ. სტუმრები შეხვდნენ თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფისა (LAG) და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის RDFG-ის წარმომადგენლებს. ღონისძიების შემდეგ, ჟურნალისტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ბენეფიციარებს – საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანია „ჩებასა“ და თოკების პარკის ატრაქციას ესტუმრნენ.

თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან (LAG) შეხვედრაზე, ჟურნალისტებმა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი და ორგანიზაციის „ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ განხორციელებული სოფლის განვითარების პროექტის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. ასოციაციის პროექტის მენეჯერმა, ნელი რევაზიშვილმა პროექტის მთავარ მიზნებსა და საქართველოში სოფლის განვითარების პროცესში ევროკავშირის ლიდერ მიდგომის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამასთან, LAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ტიკურიშვილმა ადგილობრივი განვითარების ჯგუფის აქტივობებსა და მთავარ მიღწევებს გაუსვა ხაზი.

თეთრიწყაროს LAG 2017 წელს, ევროკავშირის ENPARD  პროგრამის მხარდაჭერითა და RDFG-ის ხელშეწყობით დაარსდა. ეს არის პლატფორმა, რომელიც სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორების წარმომადგენლებს აერთიანებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის განვითარებას. LAG-ი აერთიანებს თეთრიწყაროში მცხოვრებ, 20-ვე თემის 97 წარმომადგენელს, მათ შორის არიან ეროვნული და რელიგიური უმცირესობები, დევნილები და ეკო-მიგრანტები.

თეთრიწყაროს ლაგთან შეხვედრის შემდეგ, სტუმრები ევროკავშირის ბენეფიციარს – საკვები პროდუქტების მწარმოებელ საწარმო „ჩება“-ს ესტუმრნენ. კომპანია ნახევარფაბრიკატებსა და მზა საკვებს აწარმოებს და ემსახურება, როგორც ადგილობრივებს, ისე ტურისტებს, ამასთან, ამარაგებს ადგილობრივ მაღაზიებსაც. კომპანიის დირექტორმა სტუმრების ხორცის წარმოების შესახებ უამბო და თავისი სამომავლო გეგმები გაუზიარა. ჟურნალისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სკავები პროდუქტების წარმოების პროცესი ენახათ და ქართული ტრადიციული გამომცხვარი კერძები დაეგემოვნებინათ.

აღნიშნულის შემდეგ, სტუმრები ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ კიდევ ერთ პროექტს, თოკების პარკის ატრაქციას ესტუმრნენ, სადაც თავად გადალახეს თოკებისა და ხის ძელაკებისაგან შემდგარი დაბრკოლებები. თოკების პარკის ატრაქცია კიდევ ერთი სოფლის განვითარების ინიციატივაა, რომელიც ამავე პროექტის ფარგლებში ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა. პარკი დაბა მანგლისში მდებარეობს და წარმოადგენს ეკო-ტურისტულ სანახაობას – თოკებისა და ხის ძელაკებისაგან შემდგარი დაბრკოლებების ერთობლიობას.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის პარტნიორი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი, მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითრების ჯგუფების ქსელთან (VVGT).

ევროკავშირი საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან, 179.5  მილიონი ევროს ბიუჯეტით ხორციელდება და მის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, ასევე, ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.

კონტაქტი:

  • ნინა კოპალეიშვილი, კომუნიკაციების ოფიცერი, RDFG +995 598 94 00 04, nkopaleishvili@rdfg.ge
  • ნელი რევაზიშვილი, სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერი, RDFG +995 598 65 88 84, nrevazishvili@rdfg.ge