კოდას დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ქალი მეწარმე COVID-19-ის კრიზისის დროს ადგილობრივ მოწყვლად ოჯახებს ეხმარება

  • -

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად ინგა ბერუაშვილს, მეუღლესა და 3 შვილთან ერთად, საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუწია – ასე დაიწყო ახალი ცხოვრება მშობლიური მიწიდან შორს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, კოდას დევნილთა დასახლებაში. მთავრობამ ინგას სახლის გვერდით მიწის ნაკვეთი გამოუყო, სწორედ აქედან გაჩნდა იდეაც ჟოლოს წარმოება წამოეწყო და მცირე ბიზნესი ჩამოეყალიბებინა.

დასახული მიზნის მიღწევა ინგასთვის საკმაოდ სარისკო გადაწყვეტილება იყო, რადგან ომგამოვლილი ოჯახისთვის მცირე ფინანსური რესურსის მოძიებაც კი დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, ინგა დარწმუნებული იყო თავისი მომავალი ბიზნესის წარმატებაში. ამგვარად, ოჯახის დახმარებით, მან მოახერხა მცირედი თანხის მოძიება, განავითარა ბიზნეს გეგმა და შეუდგა მის განხორციელებას. წლების განმავლობაში, ინგას ოჯახის ერთადერთ შემოსავლად სწორედ ჟოლოს მცირე ბიზნესიდან მოგებული თანხა იქცა.

ინგას ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპი ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ENPARD თეთრიწყაროს პროექტში მონაწილეობა აღმოჩნდა, რომელსაც ადგილობრივ დონეზე ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ახორციელებს. 19 959 ლარის ოდენობის საგრანტო თანხა ქალ მეწარმეს შესაძლებლობას მისცემს გააფართოვოს თავისი წარმოება – მისი მცირე საწარმო უზრუნველყოფილი იქნება ჭაბურღილისა და წვეთოვანი სისტემით,  ნაკვეთზე დამონტაჟდება სეტყვის საწინააღმდეგო კონსტრუქცია და აშენდება შესანახი შენობა-ნაგებობა. ინგას მიერ წარმოებული ჟოლოსა და მისგან დამზადებული ჯემების რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე რეგიონის სხვადასხვა სუპერმარკეტში.

ცოტა ხნის წინ, ინგამ შეიტყო, რომ RDFG თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან (LAG) ერთად აგროვებს შემოწირულობებს და გადაწყვიტა დაეხმაროს თეთრიწყაროში მცხოვრებ მოწყვლად ოჯახებსა და სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც შესაბამისი ტექნიკისა და ინტერნეტთან წვდომის არქონის გამო, სასკოლო გაკვეთილებს ვერ ესწრებიან:

“ეს არის პერიოდი, როდესაც ყველა უნდა გავერთიანდეთ და ერთობლივი ძალისხმევით გადავლახოთ COVID-19-ის გავრცელების შედეგად გამოწვეული კრიზისი. გადავწყვიტე, მოკრძალებული წვლილი შემეტანა აღნიშნულ საქველმოქმედო ატივობაში და მსურს გავყიდო 10 ქილა ჟოლოს ჯემი, რათა დავეხმარო ამ ადამიანებს. შემდომში, ჟოლოს გაყიდვასაც შევძლებთ ამავე მიზნით. ძალიან მადლიერი ვიქნები ყველა ადამიანისა, ვინც შეიძენს ამ ჯემებს და თანხას პირდაპირ საქველმომქედო ფონდში გადარიცხავს. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დიდი ნაწილი დღეს თითოეული ჩვენგანის დახმარების იმედადაა დარჩენილი“.

ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG)  და თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ერთობლივი საქველმოქმედო აქტივობის ფარგლებში, პირველ ეტაპზე შემოწირულობების სახით უკვე მოგროვდა 6 911.53 ლარი. ამ თანხით შეძენილ იქნა 7 პერსონალური კომპიუტერი, რომელთა მეშვეობითაც 16 სკოლის მოსწავლე (მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმოამდგენლები) ისევ შეძლებს ელექტრონულ სასკოლო აქტივობებში ჩართვას.

მნიშვნელოვანია, რომ ინგას მსგავსად, საქველმოქმედო კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულები ENPARD თეთრიწყაროს ის ბენეფიციარები (და არა მხოლოდ), რომლებსაც არ ჰქონდათ შესაძლებლობა ფონდს ფულადი თანხით დახმარებოდნენ, თუმცა, გამოთქვეს სურვილი საქველმოქმედო აქტივობაში წვლილი საკუთარი წარმოების პროდუქტით შეეტანათ. ამ მიზნით, მხატვარმა ია არსენიშვილმა 3 ფერწერული ტილო, ხოლო მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მეწარმემ მედეა ჭკადუამ (მედეა ENPARD თეთრიწყაროს ბენეფიციარი არაა) ხელნაკეთი საყურეები გაყიდა.

შენ ჯერ კიდევ შეგიძლია შეიტანო შენი წვლილი იმ ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაში, რომლებიც იძულებები არიან დარჩნენ მკაცრ საკარანტინო ზონაში და უჭირთ არსებული კრიზისის მარტო გადალახვა!

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შედეგად გამოწვეული კრიზისის დასაძლევად, თქვენ მიერ გაღებული თანხით დაეხმარებით იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სიტუაციაში ელემენტარული შემოსავლის გარეშე დარჩნენ და არ აქვთ წვდომა საკვებ პროდუქტებთან; ასევე, იმ ბავშვებს, რომლებიც შესაბამისი ტექნიკის უქონლობის გამო, ვერ ერთვებიან ელექტრონულ სასწავლო გაკვეთილებში და შედეგად ჩამორჩებიან სკოლის კურიკულუმით გაწერილ სასწავლო აქტივობებს.

თანხის გადმოსარიცხად, გთხოვთ, მიჰყევით ამ ბმულს: http://rdfg.ge/ka/donate/

ავტორი
ნინა კოპალეიშვილი – კომუნიკაციების ოფიცერი, RDFG; nkopaleishvili@rdfg.ge