ისტორია

თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის შექმნა
თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფი 2017 წლის აგვისტოში ევროკავშირის „ლიდერ“ მიდგომაზე დაყრდნობით შეიქმნა და 107 წევრისგან დაკომპლექტდა. სამოქმედო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე LAG-ის სტრუქტურული ერთეულების უფლება-მოვალეობები განისაზღვრა, ასევე აირჩიეს მმართველობითი საბჭოს სრული შემადგენლობა, რომელიც 16 წევრისგან დაკომპლექტდა.

LAG-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია არჩევნებზე მიღებული ხმათა უმრავლესობით 27 წლის ნინო ტიკურიშვილმა დაიკავა.

გაცვლითი ვიზიტი ლიტვაში
2017 წლის 17-24 სექტემბერს, RDFG-სა და თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) მმართველობითი საბჭოს წარმომადგენლებმა ლიტვაში, გაცვლით სასწავლო ვიზიტში მიიღეს მონაწილეობა. ერთი კვირის განმავლობაში ქართული დელეგაცია ლიტვის 7 მუნიციპალიტეტის LAG-ებს სტუმრობდა. ვიზიტი თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებისათვის “ლიდერ“ მიდგომის ფარგლებში განხორციელებული წარმატებული მაგალითების გაცნობას ისახავდა მიზნად. თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის წარმომადგენლები ლიტვური LAG-ების სტრუქტურასა და მუშაობის პრინციპებს გაეცნენ და მათი გამოცდილება გაიზიარეს.

თეთრიწყაროს განვითარების სტრატეგიის შემუშავება
თეთრიწყაროს განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა 2017 წლის აგვისტოდან დაიწყო. ამ პროცესს ფასილიტაციას უწევდა და მეთოდოლოგიურად ხელმძღვანელობდა RDFG-ის სოფლის განვითარების პროექტის გუნდი, განმახორციელებელ პარტნიორებთან – ATA-სა და LLAGN-თან ერთად. ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავების ყველა ეტაპზე LAG-ის წევრები ითვალისწინებდნენ ლიტვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელის გამოცდილებასა და პრაქტიკულ რჩევებს.

პირველი 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობისა და საჭიროებების ანალიზი. LAG-ის წევრები ჩართულნი იყვნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის პრობლემების იდენტიფიცირების პროცესში, რისთვისაც რაოდენობრივი კვლევები, ფოკუს ჯგუფები და დისკუსიები ჩატარდა. სულ 10 შეხვედრა გაიმართა.

2017 წლის ბოლოს იდენტიფიცირებული პრობლემები თემატურ მიმართულებებად დაჯგუფდა და LAG-ის წევრები თემატურ ჯგუფებში გადანაწილდნენ.  2018 წლის დასაწყისში კი ჯამში 16 შეხვედრა ჩატარდა, სადაც  შეგროვებული ინფორმაცია განიხილეს და თითოეული პრიორიტეტული მიმართულებისთვის  SWOT ანალიზი შეიმუშავეს. თემატური ჯგუფების შეხვედრების ფარგლებში LAG-ის წევრებმა იდენტიფიცირებული პრობლემები პრიორიტეტების მიხედვით დაალაგეს და პრობლემის მოგვარების სავარაუდო გზები განსაზღვრეს.

2018 წლის თებერვალი-მარტი ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის დანერგვის სამოქმედო გეგმის განსაზღვრას დაეთმო. გარდა ამისა, LAG-ის წევრებმა სტრატეგიის მონიტორინგისა და შეფასების ინდიკატორები ჩამოაყალიბეს. პარალელურად მიმდინარეობდა თემთან კონსულტაციები. LAG-ის წარმომადგენლებმა თეთრიწყაროს მოსახლეობასთან 20 შეხვედრა გამართეს და მათ  სტრატეგიის სამუშაო ვერსია წარუდგინეს.

მოსახლეობისგან მიღებული უკუკავშირის გათვალისწინებით. თეთრიწყაროს განვითარების სტრატეგია საერთო კრების მიერ 2018 წლის მარტში დამტკიცდა.