საქართველოს სოფლის პრიორიტეტებზე თეთრიწყაროში იმსჯელეს

  • -

თეთრიწყარო. 17 მაისი 2018 – მთავრობისა და თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის წარმომადგენლებმა სოფლის განვითარების პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე თეთრიწყაროში RDFG-ს ოფისში იმსჯელეს. შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ახლადშექმნილ თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფს მიაწოდეს ინფორმაცია სოფლის განვითარების ახალი კონცეფციის დანერგვასა და განხორციელებასთან დაკავშირებით მიღწეულ პროგრესზე, მოისმინეს მათი მოსაზრებები და წინადადებები. თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფი ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა. იგი ერთ-ერთია საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი რვა ადგილობრივი განვითარების ჯგუფიდან.

შეხვედრის ძირითადი საკითხები შეეხებოდა სახელმწიფო პროგრამებს და ინიციატივებს, რომლის მიზანია სოფლის განვითარების ხელშეწყობა ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიცირებით, სოციალური და საჯარო სერვისების გაუმჯობესებით, დასაქმების ზრდისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვით.

„თანამშრომლობა ადგილობრივ განვითარების ჯგუფებთან უმნიშვნელოვანესია სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების წარმატებისათვის და ასევე ახალი სტრატეგიის მომზადებისთვის“, – განაცხადა ეკატერინე ზვიადაძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკის კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსმა.

შეხვედრაზე მონაწილეებმა იმსჯელეს ეკონომიკურ, გარემოსდაცვით და სოციალურ გამოწვევებზე, სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტების შესაბამისად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფლის ტურიზმის განვითარებას და სოფლის განვითარებაში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას.

უახლოეს თვეებში, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, სოფლის განვითარების 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის განხილვის მიზნით, საჯარო შეხვედრები ადგილობრივი განვითარების ჯგუფებთან გაიმართება საქართველოს სხვა რეგიონებშიც.

ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა ENPARD 2013 წლიდან ხორციელდება, ხოლო მისი ბიუჯეტი 179 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.enpard.ge