თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის წევრებმა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე RDFG-ის პროექტის ფარგლებში გამოცხადებული პირველი საგრანტო კონკურსის შედეგები შეაჯამეს

  • -

ხუთშაბათს, 20 სექტემბერს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) საერთო კრების შეხვედრაზე, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ფარგლებში, ასოციაციამ „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) და თეთრიწყაროს ლაგის წევრებმა პირველი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს.

შეხვედრის განმავლობაში მოხდა საგრანტო კონკურსის პროცესების მიმოხილვა და კონკურსის საბოლოო შედეგების კენჭისყრა და დამტკიცება. შეხვედრას დაესწრებიან RDFG-ის წარმომადგენლები, თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის წევრები და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები.

 საგრანტო კონკურსის მიზანია თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ შემუშავებული მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიით დასახულ პრიორიტეტებზე დაყრდნობით, თეთრიწყაროს რეგიონში ცხოვრების დონისა და სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. აღნიშნული სტრატეგიიდან გამომდინარე გრანტები გაიცემა სტრატეგიით დასახული პრიორიტეტების მისაღწევად.

აღნიშნული პროექტის პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფიქსირდა 264 იდეა და წარდგენილ იქნა 127 საპროექტო განაცხადი, აქედან სრული საპროექტო განაცხადით კონკურსში მონაწილეობას იღებდა 69 პროექტი. საბოლოო ეტაპზე შეფასების კომისიის წინაშე წარდგა 37 აპლიკანტი, ხოლო შეხვედრაზე კენჭისყრის შედეგად საბოლოოდ მხარდაჭერილ იქნა 37 პროექტი.

„თეთრიწყაროში, საგრანტო კონკურსის გამოცხადებამ ადგილობრივებში დიდი ინტერესი გამოიწვია. მოსახლეობას საშუალება მიეცა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება მოახდინოს რაიონში. 5 თვის განმავლობაში, კომისიის წევრები აქტიურად იყვნენ ჩართული პროექტების შეფასების პროცესში. დღეს ჩვენ უკვე დავასრულეთ საგრანტო კონკურსის პირველი ფაზა სადაც გამოვლინდა 37 გამარჯვებული პროექტი, რომელიც დამტკიცდა ლაგის მიერ. ჩემი აზრით, დღევანდელი დღე თეთრიწყაროსთვის განვითარების ახალი ფაზის დასაწყისია.“ -აღნიშნავს ნინო ტიკურიშვილი, თეთრიწყაროს LAG-ის აღმასრულებელი დირექტორი.

შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა ასევე განიხილეს აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილი მეორე საგრანტო კონკურსის გამოცხადების პერიოდი და პირობები.

პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ხორციელდება ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში. პროექტი ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვით, თეთრიწყაროს რეგიონში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ENPARD II სოფლის განვითარების ევროპულ მოდელს „ლიდერს” (LEADER) იყენებს. მისი მიზანია, სოფლის განვითარებაში ჩართოს ადამიანები, როგორც განმახორციელებელი პირები და არა როგორც მოსარგებლეები. აღნიშნული მიდგომით შესაძლებელი ხდება სოფლის სამომავლო განვითარება, რისთვისაც კონკრეტულ ტერიტორიაზე ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG) იქმნება, როგორც პარტნიორობა კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის.

პროექტის პარტნიორები არიან აგრო-ტექნოლოგიების ასოციაცია (ATA), ლიტვის განვითარების ჯგუფების ქსელი (VVGT) და ლიტვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.