RDFG და თეთრიწყაროს LAG თანამედროვე ტექნოლოგიების იმედად დარჩენილ სკოლის მოსწავლეებს პერსონალურ კომპიუტერებს გადასცემენ

  • -

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებამ მნიშვნელოვნად შეცვალა თითოეული ჩვენგანის ყოფა, დაგვაყენა ახალი გამოწვევების წინაშე და დაგვასწავლა ისეთი ქმედებები, რომლებიც ამ დრომდე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი არ ყოფილა. საუკუნის ძალიან უცნაური მოვლენა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა აღმოჩნდა როგორც საქართველოს, ისე მთელი მსოფლიოს საგანმანათლებლო სისტემებისათვის. მასწავლებლებმა მოირგეს დისტანციური დამრიგებლების როლები, მოსწავლეები კი თანამედროვე ტექნოლოგიების – კომპიუტერებისა და ინტერნეტის იმედად აღმოჩნდნენ.

ახალი რეალობა ბევრი ბავშვისათვის საინტერესო თავგადასავლად იქცა, თუმცა, ისინი, ვისაც არ აღმოაჩნდათ შესაბამისი ტექნიკა და ინტერნეტი სკოლის გაკვეთილებზე დასასწრებად, კურიკულუმით გაწერილ აქტივობებს ჩამორჩნენ. ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მესამე კლასელი ფატიმა და პირველკლასელი ზურა, მათთან ერთად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ათეულობით სკოლის მოსწავლე, რომელთათვისაც სასკოლო განათლებაზე ხელმისაწვდომობა დიდ პრობლემად იქცა.

სწორედ ამავე პერიოდში, როდესაც ვირუსით გამოწვეულმა პანდემიამ გლობალური გამოწვევის სახე მიიღო, ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) იმ ადამიანების დახმარება გადაწყვიტეს, როლებიც არსებულ კრიზისს მარტო ვერ უმკლავდებოდნენ. განისაზღვრა სამიზნე ჯგუფები, მათ შორის ყველაზე მოწყვლადი ოჯახები და სკოლის მოსწავლეები თეთრიწყაროდან, და აქტიურად დაიწყო შემოწირულობების შეგროვების პროცესი. ამ დრომდე მოგროვებული 6 911.53 ლარით, RDFG-იმ შეიძინა 7 პერსონალური კომპიუტერი, რომელთა მეშვეობითაც 16 სკოლის მოსწავლე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლიდან ისევ შეძლებს დაუბრუნდეს სკოლის ელექტრონულ გაკვეთილებს.

სალომე კოდის დევნილთა დასახლებიდანაა, მეათეკლასელია. მისი გატაცება უცხო ენების შესწავლაა, ამჟამად ინგლისურ და რუსულ ენებს ფლობს. საჩუქრად კომპიუტერის მიღებამ განსაკუთრებით გაახარა, რადგან ახლა სკოლის გაკვეთილებზე დასწრების გარდა, დამოუკიდებლადაც შეძლებს ესპანური ენის უფასო ელექტრონული კურსის გავლასაც:

“მეშვიდე კლასში რომ ვიყავი, ერთ საგანში დაბალი ნიშანი გამომაყოლეს, რამაც კომპიუტერის მიღების შანსი დამაკარგვინა. ძალიან გამიხარდა იმის აღმოჩენა, რომ თურმე სწავლა და შრომა არასდროს იკარგება. ჩემთვის ამ კომპიუტერის მიღება ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მომავალ წელს აბიტურიენტი ვხდები და წინ ბევრი სამეცადინო მელოდება“.

მარიამი და გოდერძი დაბა მანგლისიდან არიან.  გოდერძის ხატვა უყვარს, უფრო მეტად მანქანების. ამბობს, რომ ყველაზე მეტად ისტორიის გაკვეთილზე დასწრებას ელოდება, „ძალიან მიყვარს მაცაცო მასწავლებლის გაკვეთილები და მასთან შეხვედრას ველოდებიო“. მარიამი ცეკვითაა გატაცებული, თუმცა, როგორც მათი ბებია გვიამბობს, ოჯახს არ აქვს საშუალება, რომ ბავშვებმა ცეკვის და ხატვის წრეზე იარონ:

„დილის 10 საათიდან ასე სხედან ეზოში, სულმოუთქმელად ელოდებოდნენ თქვენს გამოჩენას.  ელოდებიან, როდის ჩაერთვებიან სასკოლო გაკვეთილებში და სხვებივით თვითონაც შეძლებენ დისტანციურ საგაკვეთილო პროცესში ჩართვას. ამაზე კარგს ამ ბავშვებს ახლა ვერაფერს გაუკეთებდით“.

პერსონალური კომპიუტერების შეძენის პარალელურად, RDFG-იმ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სკოლის მოსწავლეები ინტერნეტითაც უზრუნველყო, რათა პანდემიის პერიოდში მათ ჰქონოდათ წვდომა არა მხოლოდ სკოლის სასწავლო მასალაზე, არამედ აქტიურად გაეგრძელებინათ ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრებით (YFC) გათვალისწინებულ აქტივობებში მონაწილეობა.

შენ ჯერ კიდევ შეგიძლია შეიტანო შენი წვლილი იმ ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაში, რომლებიც იძულებები არიან დარჩნენ მკაცრ საკარანტინო ზონაში და უჭირთ არსებული კრიზისის მარტო გადალახვა!

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შედეგად გამოწვეული კრიზისის დასაძლევად, თქვენ მიერ გაღებული თანხით დაეხმარებით იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სიტუაციაში ელემენტარული შემოსავლის გარეშე დარჩნენ და არ აქვთ წვდომა საკვებ პროდუქტებთან; ასევე, იმ ბავშვებს, რომლებიც შესაბამისი ტექნიკის უქონლობის გამო, ვერ ერთვებიან ელექტრონულ სასწავლო გაკვეთილებში და შედეგად ჩამორჩებიან სკოლის კურიკულუმით გაწერილ სასწავლო აქტივობებს.

თანხის გადმოსარიცხად, გთხოვთ, მიჰყევით ამ ბმულს: http://rdfg.ge/ka/donate/

ავტორი
ნინა კოპალეიშვილი – კომუნიკაციების ოფიცერი, RDFG; nkopaleishvili@rdfg.ge