თეთრიწყაროს განვითარების ევროკავშირის ახალი პროექტის ფარგლებში პრველი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

  • -

2017 წლის 15 მაისს, თბილისში, ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ახალი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის ფარგლებში ხორციელდება.

აღნიშნული სამუშაო შეხვედრა პროექტის განმახორციელებელი პარტნიორებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის პროექტის გაცნობასა და სამომავლო თანამშრომლობის გზების განსაზღვრას ისახავდა მიზნად.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა. ამასთან, შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდნენ პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის, ლიტვის განვითარების ჯგუფების ქსელისა (VVGT) და ლიტვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.

ღონისძიების მონაწილეებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ეკატერინე ზვიადაძემ საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგია და 2017 წლის გეგმა გააცნო. საქართველოში ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ პროგრამის მენეჯერმა, ნუნუ მოსიაშვილმა ისაუბრა. ასევე, ღონისძების მონაწილეებს ლიტვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა „ლიდერ“ (LEADER) მიდგომასთან დაკავშირებით საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარა.

სამუშაო შეხვედრის დასასრულს ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) თავმჯდომარემ ვანო გრიგოლაშვილმა RDFG-ს ინოვაციური მიდგომების შესახებ ისაუბრა, რომელიც აღნიშნული პროექტის ფარგლებში თეთრიწყაროში დაინერგება.

ოთხწლიან პროექტს „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს. მისი პარტნიორები არიან აგრო-ტექნოლოგიების ასოციაცია (ATA), ლიტვის განვითარების ჯგუფების ქსელი (VVGT) და ლიტვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD) საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს – www.enpard.ge.