ENPARD პროგრამის შესახებ

პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში მიმდინარეობს.  ოთხწლიანი პროექტი ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვით, თეთრიწყაროს რეგიონში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. პროექტის ბიუჯეტი 2.4 მილიონ ევროს შეადგენს.

ENPARD II სოფლის განვითარების ევროპულ მოდელს „ლიდერს” (LEADER) იყენებს. მისი მიზანია, სოფლის განვითარებაში ჩართოს ადამიანები, როგორც განმახორციელებელი პირები და არა როგორც მხოლოდ მოსარგებლეები და ამ მიდგომით ხელი შეუწყოს სოფლის სამომავლო განვითარებას.  აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტის ფარგლებში თეთრიწყაროში შეიქმნა „ადგილობრივი განვითარების ჯგუფები“ (LAG), როგორც პარტნიორობა კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის.

თეთრიწყაროს LAG-მა შეიმუშავა ადგილობრივი განვითარების სტრატეგია, რომელშიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტები აისახა. აღნიშნული სტრატეგიიდან გამომდინარე გაიცემა გრანტები სტრატეგიით დასახული პრიორიტეტების მისაღწევად.

პროექტის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ხორციელდება ოთხი დამატებითი პროგრამა:

დასაქმების პროგრამა – ინოვაციური პროგრამა ხელს შეუწყობს თეთრიწყაროს მოსახლეობას კარიერის დაგეგმვასა და დასაქმებისთვის აუცილებელი უნარების განვითარებაში, რითაც უზრუნველყოფს სამუშაოს მაძიებლების შრომით ბაზარზე ინტეგრაციას.

ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები – ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები, როგორც არაფორმალური განათლების შესაძლებლობა, ხელს შეუწყობს უფროსკლასელ მოსწავლეებს განივითარონ სამოქალაქო ჩართულობის, ლიდერობის, მეწარმეობის უნარ-ჩვევები და გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებს სოფლის მეურნეობის სფეროში.

პროფესიული გადამზადების პროგრამა – აღნიშნული პროგრამა უზრუნველყოფს დაინტერესებული მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებას ყველაზე მოთხოვნად პროფესიებზე და ხელს შეუწყობს ინდივიდებს სხვადასხვა უნარების განვითარებისა და ახალი პროფესიის ათვისების პროცესში.

ფერმერებისთვის სოფლის მეურნეობის თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა – აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაინტერესებულ ფერმერებს შესაძლებლობა მიეცემათ გაეცნონ სოფლის მეურნეობის თანამედროვე ტექნოლოგიებს და სხვადასხვა სადემონსტრაციო ნაკვეთზე გაცვლითი ვიზიტის მეშვეობით მიიღონ, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული გამოცდილება.