თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფმა ლიტვის, ლატვიის და მოლდოვის LAG-ებს უმასპინძლა

  • -

RDFG-ს სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარეობს, თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფს (LAG) ლიტვის, ლატვიის და მოლდოვის განვითარების ჯგუფები ესტუმრნენ. ღონისძიება თეთრიწყაროს და ყაზბეგის LAG-ების ორგანიზებით გაიმართა და შეხვედრის მონაწილეებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო თანამშრომლობის განსაზღვრას ისახავდა მიზნად.

როგორც RDFG-ს სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერი, ნელი რევაზიშვილი ამბობს, მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა LAG-ებისთვის, რადგან გამოცდილების გაზიარება ეხმარება მათ მომავალ საქმიანობაში.

„თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფს ერთხელ უკვე ჰქონდა შანსი გაცვლითი ვიზიტის ფარგლებში ადგილზე გაცნობოდა ლიტვის  LAG-ების საქმიანობას. ამჟამად კი ჩვენ ვუმასპინძლეთ მათ ლატვიის და მოლდოვის LAG-ებთან ერთად. შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ და პროდუქტიულად ჩაიარა. სტუმრებმა გაგვიზიარეს საკუთარი გამოცდილება არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით“.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

თეთრიწყაროს LAG-ი, RDFG-ს პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში 2017 წლის აგვისტოში ჩამოყალიბდა. განვითარების ჯგუფი, ისევე როგორც მისი მმართველი საბჭო, ადგილობრივი საჯარო, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული. რეგიონის საჭიროებების შესწავლის შედეგად, თეთრიწყაროს LAG-მა უკვე შეიმუშავა ადგილობრივი განვითარების სტრატეგია. სწორედ ამ სტრატეგიაში გამოკვეთილ პრიორიტეტებზე დაყრდნობით გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, რომელზეც LAG-ი პროექტის გუნდთან ერთად მუშაობს. გაცემული გრანტების შედეგად განხორციელებული პროექტებით ადგილობრივი მოსახლეობა თავადვე შეძლებს თეთრიწყაროს განვითარებაში წვლილის შეტანას.

RDFG-ს პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში ხორციელდება. ENPARD II სოფლის განვითარების ევროპულ მოდელს „ლიდერს” (LEADER) იყენებს. მისი მიზანია, სოფლის განვითარებაში ჩართოს ადამიანები, როგორც განმახორციელებელი პირები და არა როგორც მოსარგებლეები. აღნიშნული მიდგომით შესაძლებელი ხდება სოფლის სამომავლო განვითარება, რისთვისაც კონკრეტულ ტერიტორიაზე ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG) იქმნება, როგორც პარტნიორობა კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის.

პროექტის პარტნიორები არიან აგრო-ტექნოლოგიების ასოციაცია (ATA), ლიტვის განვითარების ჯგუფების ქსელი (VVGT) და ლიტვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.