RDFG- საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ „ENPARD IV პარტნიორთა საკონსულტაციო კონფერენციას“ დაესწრო

  • -

2019 წლის 17 აპრილს, ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) დაესწრო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამართულ  „ENPARD IV პარტნიორთა საკონსულტაციო კონფერენციას“, რომლის ძირითად მიზანს ENPARD IV-ის ორი ძირითადი პროგრამული მიმართულების – სოფლის განვითარების და სურსათის უვნებლობის/სანიტარული და ფიტოსანიტარული სტანდარტების – პრიორიტეტულ საკითხთა განსაზღვრის პროცესში დაინტერესებულ მხარეთა ინფორმირება და ჩართულობა წარმოადგენდა. კონფერენციას ესწრებოდნენ ENPARD-ის განმახორციელებელი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები, საჯარო და კერძო სექტორებისა და ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG-ები) წარმომადგენლები.

ღონისძიება ორი ნაწილისგან შედგებოდა – თავად კონფერენცია და  „ევროკავშირის მხარდაჭერილი ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფებისა და სოფლის განვითარების ინიციატივების გამოფენა“, რომელზეც RDFG-ის ბენეფიციარებმა თავიანთ საწარმოში წარმოებული პროდუქტი წარადგინეს.

კონფერენცია საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა გახსნა და ევროკავშირის მიერ სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებაში მიღწეულ წარმატებას გაუსვა ხაზი, ასევე, ისაუბრა ENPARD IV-ის მიზნებსა და პერქსპექტივებზე. აღნიშნულის შემდეგ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის მენეჯერმა, ქეთევან ხუციშვილმა ENPARD IV სოფლის განვითარების პროგრამა წარადგინა და მის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ამავე ნაწილში, თეთრიწყაროს LAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ტიკურიშვილმა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ისაუბრა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში LEADER-ის დანერგვასთან დაკავშირებულ მიღწევებსა და მთავარ გამოწვევებზე, ასევე, ხაზი გაუსვა RDFG-ის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და როლს ამ პროცესში.

ღონისძიების მეორე ნაწილზე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის მენეჯერმა, ქრისტინა კასელამ ENPARD IV სურსათის უვნებლობის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა. ღონისძიების ორივე ნაწილის შემდეგ,  ზემოაღნიშნულ თემებზე პანელური დისკუსიები და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან  ინტერაქციული კონსულტაციები წარიმართა.

„ევროკავშირის მხარდაჭერილი ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფებისა და სოფლის განვითარების ინიციატივების გამოფენაზე“, RDFG-ის ბენეფიციარმა, ყველის საწარმომ „წინწყარო +“ სხვადასხვა სახეობის რძის პროდუქტი წარადგინა. RDFG-ის ბენეფიციარმა ვაშლის ბრენდმა „ეთნომ“ კი გამოფენაზე კონიაკი დააგემოვნებინა სტუმრებს.

ENPARD-ის ფარგლებში, RDFG-ის ხელშეწყობითა და LAG-ის ჩართულობით, 35-ზე მეტი სამხარეო განვითარების ინიციატივაა დაფინანსებული, მათ შორის: სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, განათლების, სოციალური და მუნიციპალური სერვისების განვითარების მიმართულებით. აღნიშნული პროექტები ხელს უწყობენ ათობით მუდმივი და დროებითი სამუშაო ადგილის შექმნას თეთრიწყაროში.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის პარტნიორი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი, მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითრების ჯგუფების ქსელთან (VVGT).