ლატვიის ლაგების წარმომადგენლები თეთრიწყაროს, ბორჯომისა და ლაგოდეხის ლაგებთან თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავენ

  • -

 27 აგვისტოს, RDFG-ის თეთრიწყაროს განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება, თეთრიწყაროს ადგილობრივ განვითარების ჯგუფს (LAG) ბორჯომისა და ლატვიის ლაგების წევრები ესტურმნენ და მომავალი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. ღონისძიება RDFG-ისა და მერსი ქორის ორგანიზებით გაიმართა.

4 დღიანი ვიზიტის ფარგლებში, ლატვიელებმა თეთრიწყარო, ბორჯომი და ლაგოდეხი მოინახულეს და მერსი ქორის, RDFG-ისა და CARE_ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ვიზიტის მიზანი ადგილობრივი ლაგების გაცნობა, მუნიციპალიტეტებში ცხენოსნობის განვითარების პოტენციალის შესწავლა და ახალი ტრანსნაციონალური პროექტის შესახებ პოტენციური პარტნიორებისთვის ინფორმაციის მიწოდება იყო.

აღნიშნული პროექტი „EQUUS” ტურიზმის, სპორტისა და ჯანდაცვის განვითარებაში ცხენის გამოყენების შესაძლებლობებს გულისხმობს. ლატვიელები ესტონეთისა და ფინეთის ლაგებთან ერთად ამ სფეროში საქართველოს ლაგებთან თანამშრომლობას გეგმავენ. პროექტი მიზნად ისახავს მეცხენეობის პოპულარიზაციის ხელშეწყობას და თავლების, ცხენების სელექციონერებისა და ფერმების კონკურენტუნარიანობის გაზრდას, საერთაშორისო თანამშრომლობის ჩამოყალიბებითა და საუკეთესო გამოცდილებების გაზიარებით.

 RDFG-ის წარმოადგენლებმა და თეთრიწყაროს ლაგის წევრებმა ბორჯომისა და ლატვიის ლაგების წარმომადგენლებს გააცნეს თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიული პრიორიტეტები და რეგიონში ცხენოსნობის განვითარების შესაძლებლობების შესახებ იმსჯელეს.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, რომელიც ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალით გამოირჩევა, ცხენოსნობა ერთ-ერთი პოპულარული დარგია და აქ რამდენიმე ცხენების ფერმასაც შეხვდებით. ვიზიტის ფარგლებში, ერთერთ მათგანს ლატვიელი და ბორჯომელი სტუმრებიც ესტუმრნენ და ამ დარგის აგილობრივ ექსპერტსაც შეხვდნენ. აღნიშნული ცხენების ფერმა 8 დღიან კულტურულ-საცხენოსნო ტურებს სთავაზობს სტუმრებს, რაც რეგიონში ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს.

ფერმის მფლობელი ლევანი ამბობს, რომ მსგავსი პროექტის განხორციელება რეგიონში მეცხენეობის პოპულარიზაციას, ტურიზმის განვითარებასა და ადგილობრივების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

“თეთრიწყარო ისტორიული და ბუნებრივი ძეგლების სიმრავლითა და ლანდშაფტის მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც ჩვენს მხარეს ტურისტებისთვის მიმზიდველს ხდის, თუმცა ზოგიერთი ადგილი მანქანებისთვის ძნელად მისადგომია და მსგავსი ადგილების მონახულება ცხენებით ბევრად მარტივიცაა და სტურმებისთვის გაცილებით საინტერესოც. ბევრი ადგილობრივი მისდევს ცხენოსნობას და ამ დარგის განვითარება ტურიზმის განვითარებისთვისაც ხელსაყრელია, რაც ბევრი ფერმერისთვის დამატებით შემოსავლის წყაროს გახდის და ადგილობრივების დასაქმებასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ასევე სტიმული იქნება კემპინგების მოსაწყობად, რაც ტურისტებს უფრო მეტად მოიზიდავს. გარდა ამისა, ცხენოსნობის სხვადასხვა სახეობის განვითარება ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასაც შეუწყობს ხელს.“

 ტურიზმი თეთრიწყაროს განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რაც თეთრიწყაროს ლაგის მიერ შექმნილ მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიაშიც ისახება. მსგავსი ტრანსნაციონალური პროექტები და ევროპელი ლაგების გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია სტრატეგიით დასახული პრიორიტეტების მისაღწევად.

პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ხორციელდება ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ მიერ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში. პროექტი ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვით, თეთრიწყაროს რეგიონში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
ENPARD II სოფლის განვითარების ევროპულ მოდელს „ლიდერს” (LEADER) იყენებს. მისი მიზანია, სოფლის განვითარებაში ჩართოს ადამიანები, როგორც განმახორციელებელი პირები და არა როგორც მოსარგებლეები. აღნიშნული მიდგომით შესაძლებელი ხდება სოფლის სამომავლო განვითარება, რისთვისაც კონკრეტულ ტერიტორიაზე ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG) იქმნება, როგორც პარტნიორობა კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის.

პროექტის პარტნიორები არიან აგრო-ტექნოლოგიების ასოციაცია (ATA), ლიტვის განვითარების ჯგუფების ქსელი (VVGT) და ლიტვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.