თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით ლიტვაში იმყოფებოდნენ

  • -

17-24 სექტემბერს, RDFG-სა და თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) მმართველობითი საბჭოს წარმომადგენლებმა ლიტვაში, გაცვლით სასწავლო ვიზიტში მიიღეს მონაწილეობა. ერთი კვირის განმავლობაში ქართული დელეგაცია ლიტვის 7 მუნიციპალიტეტის LAG-ებს სტუმრობდა. ვიზიტი თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებისათვის LEADER მიდგომის ფარგლებში განხორციელებული წარმატებული მაგალითების გაცნობას ისახავდა მიზნად. თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის წარმომადგენლები ლიტვური LAG-ების სტრუქტურასა და მუშაობის პრინციპებს გაეცნენ და მათი გამოცდილება გაიზიარეს.

ვიზიტის კიდევ ერთ მიზანს, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის იმის დემონსტრირება წარმოადგენდა, თუ როგორ ხდება პოლიტიკურ დონეზე LEADER მიდგომის მხარდაჭერა. ამ მიზნით სასწავლო ვიზიტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, სოფლის მეურნეობის სამინისტროებისა და ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა. ისინი ადგილზე გაეცნენ, თუ რა როლი აქვს LEADER მიდგომას სოფლის განვითარების პროცესში და როგორ თანამშრომლობენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები LAG-ებთან.

ვიზიტის ფარგლებში RDFG-სა და თეთრიწყაროს LAG-ის წარმომადგენლები ლიტვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელსა და ლიტვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლობასაც შეხვდნენ. სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ვიზიტისას მათ მოინახულეს ადგილობრივი LAG-ების მიერ განხორციელებული პროექტები და ბენეფიციარებს გაესაუბრნენ.

RDFG-ს წარმომადგენელი და პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ მენეჯერი ნელი რევაზიშვილი ვიზიტს დადებითად აფასებს.

„ვიზიტმა ძალიან პროდუქტიულად ჩაიარა. მოხარული ვიყავი მენახა თეთრიწყაროს LAG-ის წარმომადგენელთა აღფრთოვანება და ემოცია, როდესაც გააცნობიერეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მათგანის ჩართულობა ადგილობრივი განვითარების პროცესებში. გაცვლითი სასწავლო ვიზიტი, ასევე დაეხმარა ახლადშექმნილ მმართველობით საბჭოს ერთ გუნდად ჩამოყალიბებასა და ერთმანეთის უკეთ გაცნობაში.“ – განაცხადა ნელი რევაზიშვილმა.

ვიზიტი ძალიან პოზიტიურად შეაფასეს თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის წარმომადგენლებმაც და LEADER მიდგომის განხორციელებაში სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარების სურვილიც გამოთქვეს.

„ვიზიტის ფარგლებში ყველა პირობა იყო შექმნილი იმისთვის, რომ მონაწილეებს რაც შეიძლება მეტი ცოდნა და გამოცდილება მიგვეღო და გავცნობოდით LEADER მიდგომის განხორციელებას ლიტვაში. ახლა ჯერი ჩვენზეა, თუ როგორ გამოვიყენებთ მიღებულ ცოდნას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ“. – განაცხადა თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის წევრმა, ლია დემეტრაშვილმა.

აღსანიშნავია, ვიზიტის კიდევ ერთი დადებითი მხარე. უკმერგეს მუნიციპალიტეტმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტთან დამეგობრების სურვილი გამოთქვა. პირველად შეთანხმებას მხარეებმა ადგილზევე მიაღწიეს, რასაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები სიხარულით შეხვდნენ.

აღნიშნული ვიზიტი ნაწილია RDFG-ს პროექტისა „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“, რომელიც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში ხორციელდება. ამავე პროექტის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG), რომელმაც მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგია უნდა შეიმუშაოს და სოფლის სამომავლო განვითარებაზე იზრუნოს.

პროექტის პარტნიორები არიან აგრო-ტექნოლოგიების ასოციაცია (ATA), ლიტვის განვითარების ჯგუფების ქსელი (VVGT) და ლიტვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.