ENPARD-ის პროექტის ფარგლებში RDFG-მ საქართველოს სახელით საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

  • -


12-14 სექტემბერს, ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში, ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) საერთაშორისო კონფერენცია “Networking works” გაიმართა, რომელშიც ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაციის, RDFG-ის თავმჯდომარემ ვანო გრიგოლაშვილმა და პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ მენეჯერმა ნელი რევაზიშვილმა მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიება მონაწილე ქვეყნების ადგილობრივი განვითარების ჯგუფების, ე.წ. LAG-ების წარმომადგენლების ერთმანეთისთვის გაცნობასა და მათ შორის ტრანსნაციონალური თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავდა მიზნად. RDFG ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბებულ LAG-ს წარმოადგენდა. საერთაშორისო კონფერენციაში საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ლიტვისა და სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება სოფლის განვითარებისა და LEADER მეთოდოლოგიის შესახებ. აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში 12 ქვეყანა მონაწილეობდა, საქართველოს კი RDFG წარმოდგენდა. შედეგად ღონისძიების ორგანიზატორები და მონაწილეები აღგვიქვამდენ არა მხოლოდ როგორც RDFG-ს წარმომადგენლობას, არამედ როგორც საქართველოს დელეგაციას, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ჩვენი პასუხისმგებლობა და როლი კონფერენციაში“ – განაცხადა RDFG-ს თავმჯდომარემ.

კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებმა თავიანთი ქვეყნების სოფლის განვითარების პროგრამები წარმოადგინეს და ისაუბრეს იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელიც ტრანსნაციონალური თანამშრომლობის ფარგლებში არსებობს და საქართველოში მოქმედი LAG-ებისთვისაც ხელმისაწვდომია. საინფორმაციო ვიზიტების ფარგლებში მონაწილეები ლიტვის LAG-ების მიმდინარე პროექტებსა და წარმატებულ მაგალითებსაც გაეცნენ.

შეხვედრებისა და აქტიური კომუნიკაციის შედეგად, RDFG-თან თანამშრომლობით ლიტვის, პოლონეთისა და ფინეთის LAG-ები დაინტერესდნენ. ორგანიზაციამ უკვე მიიღო შეთავაზება ოთხი LAG-ისაგან, რათა მათთან ერთად თეთრიწყაროს LAG-ი ტრანსნაციონალური პროექტების განხორციელებაში ჩაერთოს. პროექტები უმეტესად აგრო ტურიზმსა და სოფლის განვითარებას ეხება. მზარდი ინტერესი გამოიკვეთა სხვა LAG-ის მხრიდანაც. თეთრიწყაროს განვითარების სტრატეგიის შემუშავებისა და დამტკიცების შემდეგ, სტრატეგიის პრიორიტეტებიდან გამომდინარე სხვა LAG-ებთან თანამშრომლობაც იგეგმება.

RDFG-ს წარმომადგენლები კონფერენციას დადებითად აფასებენ. ასოციაციამ როგორც ქვეყანა, ასევე, საკუთარი საქმიანობა ღირსეულად წარადგინა და საქართველოში სასარგებლო კონტაქტებითა და საპროექტო წინადადებებით დაბრუნდა.

RDFG-ის პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში ხორციელდება. ENPARD II სოფლის განვითარების ევროპულ მოდელს LEADER მიდგომას ეფუძნება. მისი მიზანია, სოფლის განვითარებაში ჩართოს ადამიანები, როგორც განმახორციელებელი პირები და არა როგორც მოსარგებლეები. აღნიშნული მიდგომით შესაძლებელი ხდება სოფლის სამომავლო განვითარება, რისთვისაც კონკრეტულ ტერიტორიაზე ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG) იქმნება, როგორც პარტნიორობა კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის. პროექტის პარტნიორები არიან აგრო-ტექნოლოგიების ასოციაცია (ATA), ლიტვის განვითარების ჯგუფების ქსელი (VVGT) და ლიტვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.