თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების წარმატებული პროექტების გახსნისა და აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიება გაიმართა

  • -

2019 წლის 26 ივლისს, თოკების პარკის ატრაქციისა და ალგეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის, ასევე, წარმატებული საგრანტო აპლიკანტებისათვის აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიება გაიმართა. თავდაპირველად, ალგეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა და ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებმა დაგეგმილი ტურის ფარგლებში სივრცე დაათვალიერეს. აღნიშნულის შემდეგ, ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KFW) და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთად (GFA), ალგეთის ეროვნულ პარკში მოწყობილი თოკების პარკის ატრაქცია გახსნა.

ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში, ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) წარმატებით დაასრულა სოფლის განვითარების საგრანტო პროგრამის ორი ფაზა, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდა 65 სოფლის განვითარების პროექტი, რომელთა ღირებულებამაც ჯამში 5 მლნ ლარი შეადგინა (თანხის 35% პროცენტი ბენეფიციართა წვლილმა შეადგენა). შერჩეული სოფლის განვითარების პროექტები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსალეობისათვის 300-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის, დასაქმებულთაგან 40% კი ქალი იქნება.

სოფლის განვითარების პროექტების გახსნის ღონისძიებაზე, მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე, კატალინ გერმანი, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის თავჯდომარე (RDFG), ვანო გრიგოლაშვილი, გერმანიის ელჩი საქართველოში, ჰუბერტ ქნირში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავჯდომარე, ვალერიან მჭედლიძე და KFW-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი, კლაუს ვიგელი.

“ალგეთის ეროვნული პარკი უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული დაცული ტერიტორიაა. პარკში ვიზიტორთა ცენტრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. ცენტრის არსებობა ხელს შეუწყობს რეგიონში ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებას. ცენტრში მისულ ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და რეკომენდაციები, როგორც დაცული ტერიტორიების, ასევე რეგიონში არსებული ღირსშესანიშნაობების შესახებ. უკვე დაგეგმილია დაშბაშის კანიონზე მნიშვნელოვანი ფინანსური ინვესტიციის განხორციელება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. რეგიონში ტურიზმის განვითარება ხელს შეუწყობს ერთი მხრივ ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ხოლო მეორე მხრივ, უნიკალური ქართული ბუნების და ღირსშესანიშნაობების ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის გაცნობას”, – განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

„ისეთი პროექტების მეშვეობით, როგორიც ENPARD-ია თეთრიწყაროში, ევროკავშირი საქართველოს სოფლების ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს. აღნიშნულმა მოდელმა, რომელიც ევროკავშირის ათეულობით წლის გამოცდილებას ემყარება, ადგილობრივი თემების მობილიზებით, პრიორიტეტული განვითარების პროექტების ხელშეწყობითა და ადგილობრივი სათემო ინიციატივების მხარდაჭერით, თავისი ეფექტიანობა დაამტკიცა. მოხარულები ვართ, რომ დღეს ვხედავთ შედეგებს თეთრიწყაროში: 65 ახალი ინიციატივა ადგილობრივი თემებისათვის 300 მდგრადი სამუშაო ადგილის შექმნას უზრუნველყოფს“, – კატალინ გერმანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე.

„დღეს ჩვენ ვიმყოფებით სოფლის განვითარების მნიშვნელოვანი პროექტების გახსნის ღონისძიებაზე, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელი გახდა საქართველოში LEADER მიდგომის გამოყენების შედეგად, სადაც ადგილობრივმა კერძო და საჯარო სექტორების წარმომადგენლებმა გააერთიანეს ძალისხმევა ადგილობრივი დღის წესრიგის წინ წასაწევად”, – RDFG-ის თავჯდომარე, ვანო გრიგოლაშვილი.

ალგეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრისა და თოკების პარკის ატრაქციის გახნის შემდეგ, RDFG-მ მსურველები თოკების პარკის ატრაქციაზე გამართულ შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია, რომელიც ატრაქციაზე არსებული დაბრკოლებების – ხიდებისა და მიწის ზემოთ მოწყობილი თოკების უმოკლეს დროში გადალახვას გულისხმობდა. შეჯიბრების დასასრულს თითოეულ მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა. ღონისძიების პარალელურად, ალგეთის ეროვნულ პარკში თოკების პარკის ატრაქციის ფოტოგამოფენა მოეწყო.

სოფლის განვითარების ღონისძიების მეორე ნაწილი ქალაქ თეთრიწყაროში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დასწრებოდნენ ადგილობრივი მოსახლეობისათვის აღჭურვილობის ოფიციალურად გადაცემის ღონისძიებასა და ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში, RDFG-ის მიერ განხორციელებული სოფლის განვითარების პროექტების გამოფენას. ღონისძიების ფარგლებში, RDFG-ის თავჯდომარემ, ვანო გრიგოლაშვილმა საქართველოში ევროკავშირის LEADER მიდგომისა და სოფლის განვითარების პროცესში ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) აქტივობების მნიშვენლობას გაუსვა ხაზი. ამასთან, LAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ტიკურიშვილმა LAG-ზე, მის ინიციატივებისა და მთავარი მიღწევების შესახებ ისაუბრა. თეთრიწყაროს LAG მულტისექტორული თანამშრომლობის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს, რათა ხელი შეუწყოს თეთრიწაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ განვითარებას დაბალანსებული, მონაწილეობითი და ინკლუზიური ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის მეშვეობით.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის პარტნიორი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი, მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითრების ჯგუფების ქსელთან (VVGT).

ევროკავშირი საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან, 179.5 მილიონი ევროს ბიუჯეტით ხორციელდება და მის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, ასევე, ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.