ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და RDFG-ის ორგანიზებით, ქართული სტარტაპები სასწავლო ვიზიტით ვენაში იმყოფებოდნენ

  • -

2019 წლის 1-4 ოქტომბერს, ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) თავის პარტნიორთან, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, (GITA) ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მხარდაჭერით, ორგანიზება გაუწია ქართული სტარტაპების სასწავლო ვიზიტს ვენაში. პროგრამის დაგეგმვა-განხორციელება სრულად იყო მხარდაჭერილი ავსტრიის სავაჭრო პალატის მიერ.

ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და აგროტურიზმის სფეროში ავსტრიული გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება ქართული სტარტაპების მიერ, ასევე, ახალი კავშირების დამყარების ხელშეწყობა. პროექტში ჩართული იყო 8 ქართული სტარტაპი აგროტურიზმის სფეროდან – საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) საგრანტო პროგრამის გამარჯვებულები და ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში, RDFG-ის მიერ განხორციელებული სტარტაპების წარმომადგენლები. გარდა ამისა, ღონისძიებას ესწრებოდნენ RDFG-ის თავმჯდომარე – ვანო გრიგოლაშვილი, ამავე ორგანიზაციის სოფლის განვითარების მენეჯერი – ნელი რევაზიშვილი და GITA-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ანა ვაშაყმაძე. ავსტრიის სავაჭრო პალატიდან, სასწავლო ვიზიტს ესწრებოდა იოჰანეს ფელნერი.

სასწავლო ვიზიტი განსაკუთრებით პროდუქტიული აღმოჩნდა პროექტის მონაწილეთათვის, რომელთა თქმითაც, აღნიშნულმა ღონისძიებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მათზე და მათ სტარტაპებზე. GITA-სა და RDFG-ის ბენეფიციარებმა ავსტრიულ მხარესთან სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და განაცხადეს, რომ ვიზიტის ფარგლებში მიღებულ გაკვეთილებს საქართველოში გამოიყენებენ, მათ შორის დაარსებენ ავსტრიული სტარტაპების ასოციაციის ანალოგს საქართველოში.

პროექტი „ ქართული აგროტურისტული სტარტაპების სასწავლო ვიზიტი ავსტრიაში“ მიზნად ისახავდა ხელი შეეწყო მდგრადი განვითარებისა და ინოვაციებისათვის, ასევე, მომგებიანი, მაღალი ხარისხის ინდუსტრიის განვითარებისათვის აგროტურიზმის სექტორში. პროექტის კონკრეტულ მიზანს წარმოადგენდა აგროტურისტული სტარტაპებისათვის სასწავლო ვიზიტის დაგეგმვა და განხორციელება ავსტრიაში.

კონტაქტი

ნინა კოპალეიშვილი – RDFG-ის კომუნიკაციების ოფიცერი
nkopaleishvili@rdfg.ge

ნელი რევაზიშვილი – RDFG-ის სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერი
nrevazishvili@rdfg.ge