ახალგაზრდა მოლაშქრეთა გუნდი – Georgian Travel Guide საქართველოს ღირსშესანიშნაობების შესახებ ცნობადობის ამაღლებაზე მუშაობს

  • -

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლის რეგიონში, აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს. რაიონი ლამაზი ბუნებითა და მრავალსაუკუნოვანი კულტურული ძეგლების სიმრავლით გამოირჩევა, მათ შორისაა სამშვილდის ნაქალაქარი, ფიტარეთის მონასტერი, ღოუბნის „ორმოცნი“, მანგლისის სიონი, ბირთვისის ციხე და სხვ. მიუხედავად უამრავი სანახაობისა, მუნიციპალიტეტის ცნობადობა ადგილობრივ და უცხოელ ვიზიტორებს შორის არც ისე მაღალია. სწორედ აღნიშნული გახდა ერთი-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ახალგაზრდა მოლაშქრეთა გუნდმა, Georgian Travel Guide-ის დამფუძნებლებმა, ევროკავშირის დაფინანსებულ ENPARD თეთერიწყაროს საგრანტო კონკურსში წარადგინეს პროექტი, რომელიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ცნობადობის გაზრდას ისახავდა მიზნად.

Georgian Travel Guide-ის ისტორია 2017 წლიდან იწყება. საქართველოს ღირსშესანიშნაობებისა და კულტურული ძეგლების შესახებ ინფორმაციის მოგზაურებამდე მიყვანის იდეამ  რამდენიმე მოლაშქრე გააერთიანა, რადგან ყოველი ახალი ლაშქრობის დაგეგმვისას, თავად აწყდებოდნენ მზა მარშრუტების არარსებობის პრობლემას. დავით მერაბიშვილი, Georgian Travel Guide-ის თანადამფუძნებელი, ორგანიზაციის სამწლიანი ისტორიისა და მიღწეული შედეგების შესახებ გვიამბობს:

„როგორც მოლაშქრეებმა, ვიცოდით, თუ რაოდენ პრობლემური იყო მზა მარშრუტების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა და რამდენად დიდ კომფორტს მოუტანდა ტურისტებს აღნიშნულის უზრუნველყოფა. ჩვენი თავდაპირველი მიმართულება იყო საქართველოში არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორისთვის მაღალი ხარისხის მულტიმედია კონტენტის სახით მიწოდება. ამას სრულიად უფასოდ ვაკეთებთ დაარსებიდან დღემდე. თავდაპირველად ორგანიზაცია სრულად არაკომერციული იყო, მხოლოდ 2020 წელს დავამატეთ კომერციული მიმართულება. ჩვენ ვეხმარებით ტურიზმის სფეროში მოღვაწე მცირე და საშუალო მეწარმეებს სერვისებისა და პროდუქტების გაყიდვაში ვებპლატფორმის მეშვეობით. მასპინძლები იხდიან გაყიდული პროდუქტიდან/სერვისიდან საკომისიოს“.

ამჟამად Georgian Travel Guide-ს აქვს ვებსაიტი, Facebook გვერდი და YouTube არხი. როგორც დავითი ამბობს, ვებსაიტზე აქტიურად თავსდება ახალი მარშრუტების შასახებ ინფორმაცია, ხოლო თავად საიტი ოპტიმიზირებულია Google-ის საძიებიო სისტემისადმი (SEO) და თითქმის ყოველთვის იკავებს მოწინავე პოზიციებს თემატურ საკითხზე ძებნის შედეგებში. საგულისხმოა სტატისტიკური მონაცემებიც – წლიდან წლამდე მომხმარებელთა რაოდენობა იზრდება, 2020 წლის ივნისში უნიკალურ მომხმარებელთა რაოდენობამ 80 000-ს გადააჭარბა. მთლიანად პროექტზე პროფესიონალთა გუნდი მუშაობს, რომელიც წარმოდგენილია ფოტო და ვიდეოგრაფებით, ვებდევლოპერით, საოპერაციო მენეჯერით, გრაფიკული დიზაინერითა და კომუნიკაციების მენეჯერით.

დავითის თქმით, ორგანიზაციის ძირითადი მიზანია ლოკაციაზე მიბმული სერვისების განვითარება, რათა კონკრეტულ რეგიონში მყოფმა მოგზაურმა ადვილად შეძლოს ნავიგაცია, მისი ინტერესების შესაბამისი ღირსშესანიშნაობების მონახულება, გართობა და დასვენება. Georgian Travel Guide სამ ენაზე – ქართულად, რუსულად და ინგლისურად ოპერირებს და  საქართველოს ყველა რეგიონს ფარავს. აფხაზეთსა და სამაჩაბლოს შემთხვევაში, ორგანიზაცია გარკვეულ სირთულეებს აწყდება, თუმცა, იმედი აქვს, რომ სამომავლოდ ამ რეგიონების სრულად აღწერას და ვიზიტორისთვის ამ მიმართულებით მეტი ინფორმაციის მიწოდებას შეძლებს.

დავითი ევროკავშირის ENPARD პროგრამის დაფინანსების მოპოვებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე გვიამბობს და განმარტავს, რომ რადგან Georgian Travel Guide-ის მომხამარებელთა ნახევარზე მეტი მობილური მოწყობილობით შედის საიტზე, ორგანიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ მიმართულებით მეტი კომფორტი შეექმნა მოგზაურებისთვის, რამაც გუნდი მობილური აპლიკაციის შექმნის გადაწყვეტულებამდე მიიყვანა:

„ჩვენი საიტი ხელმისაწვდომია ნებისმიერი ხელსაწყოთი, იქნება ეს ბრაუზერი, მობილური თუ ტაბლეტი. მობილური აპლიკაცია მობილურზე მორგებული ვებსაიტისგან განსხვავებით მეტ კომფორტსა და მეტი ფუნქციონალის გამოყენების საშუალებას სთავაზობს მომხმარებელს. ამიტომ მობილური აპლიკაციის შექმნა ჩვენი პლატფორმის ერთიანი პაკეტის ბოლო რგოლი იქნება. სწორედ განვითარების ამ ეტაპზე ვიყავით, როდესაც ინტერნეტის საშუალებით, ENPARD თეთრიწყაროს პროექტის შესახებ შევიტყვეთ და გადავწყვიტეთ აუცილებლად მიგვეღო მონაწილეობა“.

Georgian Travel Guide-ის გუნდის წევრებმა კარგად იცოდნენ, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისა და მისი ღირსშესანიშნაობების შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია იყო ხელმისაწვდომი და ამ რაიონის პოპულარიზება პრაქტიკულად არ ხდებოდა. დავითის თქმით, ინფორმაციის სიმწირის გამო, თეთრიწყაროს ძალიან ცოტა ვიზიტორი ჰყავს მიუხედავად იმისა, რომ ის თბილისიდან სულ რაღაც 1 საათის გზაზეა:

„ნაკლებპოპულარობის გამო მოგზაურების მხოლოდ მცირე ნაწილია თეთრიწყაროთი დაინტერესებული. რადგან ამ თემის წამოწევა ისედაც გვინდოდა და ჩვენი მიზნის მისაღწევად აპლიკაციის შექმნა და ტექნიკის გამდიდრება გვინდოდა, პროექტში მონაწილეობა გადავწყვიტეთ და საგრანტო თანხაც მოვიპოვეთ. შედეგად შევქმენით მობილური აპლიკაცია და ჩვენი თანამონაწილეობით გადმოგვეცა ციფრული აპარატი, ფართოკუთხიანი ლინზა და სერვერი. აღნიშნულმა შესაძლებლობა მოგვცა უკეთ აღგვებეჭდა თეთრიწყაროს და სხვა მუნიციპალიტეტების კულტურულ-ისტორიული ძეგლები“.

Georgian Travel Guide-ის მიერ წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულება 45 485 ლარია, საიდანაც ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, თეთრიწყაროს ადგილობრივი ჯგუფის (LAG) გადაწყვეტილებით, ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) პროექტს 31 276 ლარის ოდენობის საგრანტო თანხა გამოუყო.

თეთრიწყაროს LAG შეიქმნა 2017 წელს ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ასოციაციის სამხარეო განვთარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) მიერ. თეთრიწყაროს LAG ერთ-ერთია საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მხარდაჭერით დაარსებულ თორმეტ LAG-ს შორის. LAG არის მულტისექტორული პლატფორმა, რომელიც აერთინებს კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს, ადგილობრივი  მუნიციპალიტეტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ამჟამად თეთრიწყაროს LAG წარმოდგენილია 107 ადგილობრივი მაცხოვრებლით, სულ 20 თემიდან. მათ შორის არიან რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, თეთრიწყაროში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები და ეკომიგრანტები.

2018 წელს თეთრიწყაროს LAG-მა შეიმუშავა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია 2018-2022 წლებისთვის. დოკუმენტით განსაზღვრულია თეთრიწყაროს განვითარების სტრატეგიის ოთხი პრიორიტეტული მიმართულება: 1. გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მართვა და კატასტროფის რისკის შემცირება; 2. სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლოსამეურნეო ინიციატივების კონკურენტუნარიანობისა და მოდერნიზების მხარდაჭერა; 3. სოფლად ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; 4. სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარება/რეაბილიტაცია. აღნიშნულ პრიორიტეტებზე დაყრდნობით, პროექტის საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ამ დრომდე დაფინანსებულია 65 სოფლის განვითარების ინიციატივა 5 მლნ ლარის ოდენობით, რაც ჯამში მოიცავს ადგილობრივი თემის პირდაპირ და არაპირდაპირ 48 562 ბენეფიციარს.

ავტორი
ნინა კოპალეიშვილი, RDFG-ის კომუნიკაციების ოფიცერი – nkopaleishvili@rdfg.ge